Le Figaro: სანქციების მიუხედავად, ევროპული სამხედრო აღჭურვილობა რუსეთში მაინც აღწევს

ევროკავშირი

2014 წლის 31 ივლისს, ევროკავშირმა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დაგმობის ნიშნად, რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე ემბარგო დააწესა - 2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბური ომი დაიწყო, ევროკავშირმა შეზღუდვები გააფართოვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ზომებს გარკვეული ეფექტი აქვს, აღნიშნული საქონელი რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით მაინც აღწევს - ნათქვამია მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ კვლევაში, - წერს ფრანგული გამოცემა Le Figaro სტატიაში სათაურით „სანქციების მიუხედავად, ევროპული სამხედრო აღჭურვილობა რუსეთში მაინც აღწევს“.

სანქცირებული საქონლის მესამედზე მეტი (36%), რომელიც რუსეთში შედის, თურქეთის ტრანზიტით გადის. უფრო დეტალურად: მოძრაობის თითქმის მეოთხედი (23%) ჩინეთზე მოდის, მას მოსდევს ჰონგ-კონგი (16%) და არაბთა გაერთიანებული საამიროები (10%). კვლევის მიხედვით, ეს მონაცემები ეფუძნება რუსულ სამხედრო სისტემებში აღმოჩენილ ევროპული წარმოების 42 სამხედრო კომპონენტს, რომლებიც იქ აკრძალვების მიუხედავად მოხვდა.

„2024 წლის დასაწყისიდან, ევროკავშირმა მნიშვნელოვნად გაამკაცრა და გააფართოვა რუსეთში ექსპორტის აკრძალვები. შესაბამისად, მესამე ქვეყნების მეშვეობით სანქციების გვერდის ავლის შემთხვევები უფრო იშვიათია, თუმცა ევროკავშირიდან მომავალი სანქცირებული სამხედრო აღჭურვილობა რუსეთში შემოვლითი გზებით მაინც აღწევს“, - განმარტავს მკვლევარი ფეოდორა ტეტი ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2024 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში, მესამე ქვეყნების გავლით ევროკავშირიდან რუსეთში განხორციელებულმა ექსპორტმა ომამდელი დონის დაახლოებით 6% შეადგინა. შედარებისთვის, 2022 წლის სექტემბრიდან 2024 წლის იანვრამდე პერიოდში, საშუალო თვიური მაჩვენებელი კვლავ 13-დან 24%-მდე მერყეობდა.