ჯეი დი ვენსი: აზერბაიჯანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ახალი ფურცელი იშლება

ჯეი დი ვენსი ილჰამ ალიევი

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს გაუსვა ხაზი.

ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი მეგობრობის დასტურია და ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება.

„ჩვენი დღევანდელი ვიზიტის მიზანია გამოვხატოთ მადლიერება ამ მეგობრობის გამო. აზერბაიჯანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ახალი ფურცელი იშლება“, - განაცხადა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა მომავალ თანამშრომლობაზე და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ლიდერების როლს ამ პროცესში.

„მჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ ალიევის ლიდერობით, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცე და უკეთესი გახდება“, - დასძინა მან.