1770743848
პანიკის საფუძველი არ არსებობს - რუსეთს არ აქვს განზრახული მომავალ წელს თავს დაესხას ესტონეთს ან ნატოს წევრ სხვა ქვეყანას - ესტონეთის დაზვერვა
რუსეთი, რა თქმა უნდა, წარმოადგენს საფრთხეს და მას შესწევს უნარი, ერთდროულად აწარმოოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და გააძლიეროს საკუთარი შეიარაღებული ძალები, თუმცა, ამის მიუხედავად, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ მოსკოვი უახლოეს მომავალში ესტონეთზე თავდასხმას აპირებს, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, კაუპო როზინმა.
„პანიკის საფუძველი არ არსებობს: საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის შეფასებით, რუსეთს არ აქვს განზრახული მომავალ წელს თავს დაესხას ესტონეთს ან ნატოს წევრ სხვა ქვეყანას“, - დაწერა როზინმა საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის შესავალ სიტყვაში.
„სავარაუდოდ, მომავალ წელსაც ანალოგიურ დასკვნამდე მივალთ. ესტონეთმა და მთლიანად ევროპამ გადადგეს ნაბიჯები, რომლებიც კრემლს აიძულებს, ძალიან ფრთხილად აწონ-დაწონოს, ღირს თუ არა რაიმეს წამოწყება. ჩვენი ამოცანაა, მომავალშიც შევინარჩუნოთ ასეთი ვითარება“, - დასძინა მან.
ამავდროულად, როზინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში მიმდინარე სამხედრო რეფორმა მომავალში გააძლიერებს მის სამხედრო შესაძლებლობებს და ამისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ესტონეთმა და ნატოს სხვა ქვეყნებმა უნდა განაგრძონ ინვესტირება საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.
„რუსეთის გათვლებში ძალთა ბალანსი ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ უნდა რჩებოდეს“, - აღნიშნა მან.
თავის ყოველწლიურ ანგარიშში საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი ასევე მიუთითებს, რომ რუსეთი გეგმავს უპილოტო საფრენი აპარატების არსენალის მნიშვნელოვან გაფართოებას და საბრძოლო მასალის წარმოების მოცულობის გაზრდას. კერძოდ, რუსეთის არმიაში დაგეგმილია უპილოტო სისტემების დაახლოებით 190 ბატალიონის შექმნა, ხოლო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში საარტილერიო ჭურვების წარმოება 17-ჯერ გაიზარდა.











