„მისი მზრუნველობა, სიყვარული, პროფესიონალიზმი და ყურადღება არასოდეს დამავიწყდება...“ - ექიმი რუსუდან მდივანი გარდაიცვალა

რუსუდან მდივანი

ექიმი რუსუდან მდივანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. მედიკოსს კოლეგებთან ერთად პაციენტებიც ემშვიდობებიან.

„დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას კოლეგას, რუსუდან (რუსო) მდივანს.

მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ მთელი ჩვენი პროფესიული საზოგადოებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, ვისაც ბედნიერება გვქონდა მასთან, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ურთიერთობის. რუსო გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და განსაკუთრებული ადამიანური სითბოთი. მისი ღვაწლი და დამოკიდებულება მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.
ვიზიარებთ ოჯახის, ახლობლებისა და კოლეგების ტკივილს და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც მას იცნობდა და აფასებდა“, - ნათქვამია „ვაიზერის“ მიერ გავრცელებულ სამძიმრის ტექსტში.

„ჩემი უსაყვარლესი ოჯახის ექიმი, მისი მზრუნველობა, სიყვარული, პროფესიონალიზმი და ყურადღება არასოდეს დამავიწყდება, ყოველთვის მედგა გვერდით როცა მისი დახმარება მჭირდებოდა. უდიდესი დანაკარგია ყველასთვის. ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს. ნათელი მის სულს“, - წერენ სოციალურ ქსელში.