გილმორის გოგოების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად დოკუმენტურ ფილმს იღებენ

გილმორის გოგოები

გილმორის გოგოების (Gilmore Girls) გამოსვლიდან 25 წლის გასვლის აღსანიშნავად სერიალის ქასთი ახალ დოკუმენტურ ფილმს იღებს - Stars Hollow-ს ძიებაში (Searching For Stars Hollow).

როგორც უკვე ცნობილია, ფილმში მონაწილეობას მიიღებენ კელი ბიშოპი (ემილი გილმორი), ჯარედ პადალეკი (დინ ფორესტერი) და ჩად მაიკლ მიურეი (ტრისტან დუგრეი).

დოკუმენტური ფილმი გამოიკვლევს, რა გავლენა ჰქონდა ყველასთვის საყვარელ სერიალს ამერიკულ კულტურაზე, გაგვიზიარებს კადრს მიღმა ისტორიებსა და ინტერვიუებს მრავალ მსახიობთან, მათ შორის კეიკო აგენას (ლეინ კიმი), სალი სტრუტერსს (ბაბეტ დელი), ლიზ ტორესსა (მის პატი) და სხვებთან.

გილმორის გოგოები 2000-2007 წლების სერიალია, რომელიც 7 სეზონის განმავლობაში კონექტიკუტის გამოგონილ ქალაქში — Stars Hollow-ში მიმდინარეობდა და მოგვითხრობდა მარტოხელა დედის - ლორელაი გილმორისა და მისი თინეიჯერი შვილის — რორი გილმორის ისტორიის შესახებ. 

დოკუმენტური ფილმის რეჟისორები მეგნა ბალაკუმარი და კევინ კონრად ჰანა არიან, აღმასრულებელი პროდიუსერი — ადამ გოლდბერგი, ხოლო პროდიუსერი კი ჯიმ დემონაკოსია.

"ინტერვიუები, რომლებიც უკვე ჩავწერეთ ქასთთან, შესანიშნავია", —გაგვიზიარა ბალაკუმარმა — "100 საათზე მეტი გვაქვს გადაღებული, მათ შორის ისტორიები, კომენტარები, კრიტიკა და მრავალი სხვა რამ. შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ინტერვიუების ჩაწერას გავაგრძელებთ, რომ მაყურებელს ყველაზე სრულყოფილი და მართლაც ახალი ისტორია შევთავაზოთ შოუს შესახებ".

დემონაკოსმა დაამატა, რომ დოკუმენტური ფილმი გაგვიმხელს, როგორ შეიქმნა გილმორის გოგოები და განაცხადა: "ეს ფილმი როგორც ფანებისთვის, ისე ყველა იმ ადამიანისთვისაა, რომელსაც აინტერესებს კულტურული ისტორია და მისი გავლენა ინდივიდებზე". 

ფილმის გამოსვლის ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით უცნობია.