გიორგი ჯინჭარაძე: განათლებული თაობა აუცილებლად დაუბრუნებს სამშობლოს მთლიანობას და გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას

გიორგი ჯინჭარაძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს და ამასთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე წერს.

„დღეს კიდევ ერთი თაობა იწყებს სტუდენტობას, ვულოცავ ყველა აბიტურიენტს, ვინც დიდი შრომისა და თავდადების შემდეგ სტუდენტთა რიგებს შეუერთდა.

ამავდროულად, ყველაზე მეტად მინდა გამოვყო ახალგაზრდები ოკუპირებული აფხაზეთიდან. თქვენ დაამტკიცეთ, რომ განათლებისკენ მიმავალ გზას ვერასოდეს ჩაახშობს ბლოკპოსტები და მავთულხლართები.

თქვენი წარმატება ჩვენი საერთო გამარჯვებაა. ეს არის იმედის ნიშანი, რომ განათლებული თაობა აუცილებლად დაუბრუნებს სამშობლოს მთლიანობას და გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას.

გილოცავთ სტუდენტობას! გისურვებთ, რომ ეს გზა სავსე იყოს ახალი ცოდნით, მეგობრობით, პროფესიული წინსვლით და პირადი ბედნიერებით“, - წერს გიორგი ჯინჭარაძე.