ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვა

ლევან ჯანგველაძე

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობაში ბრალდებულმა, გელა უძილაურმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვა. როგორც ბრალდებულმა განაცხადა, მას სურს, თავისი საქმე მოსამართლემ განიხილოს.

მანამდე, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ მოითხოვა, საქმე არსებით განხილვაზე გადაეცეს სასამართლოს. დაცვის მხარის პოზიცია კი იყო, რომ საქმე გამოუძიებელია და არსებითად განსახილველად სასამართლოს არ უნდა გადასცემოდა. მათ საქმის გამოძიებაში დაბრუნება მოითხოვეს.

დღესვე გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიება. პროკურორის თქმით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჯანგველაძის მკვლელობა უძილაურმა შეკვეთით, თანხის სანაცვლოდ ჩაიდინა, მტკიცებულებები გაანადგურა და მისი თავისუფლებაში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ გელა უძილაურის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

წინასასამართლო სხდომაზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს. ბრალდებულმა დააფიქსირა პოზიცია, რომ იყენებს დუმილის უფლებას.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ექვსი პირია პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. მათ მკვლელობის შეკვეთაში ედავებიან.

ჯანგველაძე 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. მუხლი, რომლითაც უძილაურს ედავებიან, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შემდეგი პროცესი 8 სექტემბერს გაიმართება.