ევროკავშირი ღაზაში, ნასერის საავადმყოფოზე იერიშს მიუღებელს უწოდებს და ისრაელს გამოძიებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი

ევროკავშირი აბსოლუტურად მიუღებელს უწოდებს ღაზაში ისრაელის მიერ ნასერის საავადმყოფოზე თავდასხმას, რასაც ხუთი ჟურნალისტის, ოთხი მედიკოსის და მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.

ევროკავშირი მოუწოდებს ისრაელის ხელისუფლებას, პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და გამოიძიოს საავადმყოფოზე იერიში.

„მშვიდობიანი მოქალაქეები და ჟურნალისტები დაცულნი უნდა იყვნენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და უზრუნველყოს ამ თავდასხმების გამოძიება. ასევე ევროკავშირი ცნობად იღებს ისრაელის ხელისუფლების განცხადებას, რომ ჩატარდება საფუძვლიანი გამოძიება. ამ კონფლიქტში ძალიან ბევრი მსხვერპლია. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მსხვერპლთა ოჯახებს, ჟურნალისტურ საზოგადოებას და ღაზაში მცხოვრებ ყველა მშვიდობიან მოქალაქეს, რომლებიც ყველაზე მაღალი საფასურის გადახდას განაგრძობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.