ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1748616060
ბალეტის რეჟისორმა მარკო გოეკემ თავისი დადგმული წარმოდგენის პრემიერაზე კრიტიკოსს ცუდი შეფასებისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, თავისი ძაღლის განავალი შეაზილა სახეში. მიმომხილველ ვიბკე ჰიუსტერს წარმოდგენისთვის "მოსაწყენი" და "უთავბოლო" უწოდებია თურმე. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გოეკეს, რომელიც ჰანოვერის ოპერისა და ბალეტის კომპანიას ხელმძღვანელობს, თანამდებობრივი სტატუსი შეუჩერდა. ამასთან, საქმეზე პოლიციამაც დაიწყო გამოძიება.
როგორც ცნობილია, გოეკე ჰიუსტერს, რომელიც ფრანკფურტელი კულტურის მიმომხილველია, ანტრაქტის დროს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჯიბიდან თავისი ძაღლის ექსკრემენტები ამოიღო და პირდაპირ კრიტიკოსის სახისკენ გააქანა.
სხვათა შორის, გოეკეზე არანაკლებ ცნობილია მისი ძაღლი, ტაქსა, სახელად გუსტავი, რომელიც ქორეოგრაფს ყოველთვის თან ახლავს ხოლმე. და, როგორც ვიცით, დანაშაულის "იარაღიც" ინციდენტამდე სულ ცოტა ხნით ადრე გაჩნდა გუსტავის პატრონის ჯიბეში.
გოეკე კი ნამოქმედარს სულაც არ ნანობს და არც ბოდიშის მოხდას აპირებს. ამბობს, ჩემი საქციელი ათწლეულების განმავლობაში "გამანადგურებელ კრიტიკაზე" პასუხიაო. ქორეოგრაფს ჰიუსტერი მაყურებლების აბონემენტების გაუქმებაში დაუდანაშაულებია და ოპერაში სტუმრობის აკრძალვითაც დამუქრებია.
ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლაურა ბერმანმა, კრიტიკოსს მოუბოდიშა და ზომების მიღებამდე ინციდენტის გამოძიებას დაჰპირდა. გოეკეს საქციელი მკაცრად გააკრიტიკეს სხვა ჟურნალისტებმაც და მომხდარი პრესის თავისუფლებაზე თავდასხმად შეაფასეს.