1748675716
ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა, რის გამოც, სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. მელიამ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.
„შუშის თვალებით მიყურებთ. კითხვაც კი არ გიჩნდებათ, აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა, რატომ გამიტაცა. მეტიც, თქვენ ხართ დროებით დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე, გამოსაცდელი ვადით, ეს ყველამ ვიცით. მომდევნო სამი წელი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე-მურუსიძე, რამდენად მორჩილი იქნებით და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებას, ეს კაცი ხართ, უნამუსო“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ნიკა მელიამ, რის შემდეგაც მოსამართლეს წყალი შესხა.
მანამდე ნიკა მელიამ სასამართლო სხდომაზე გუშინ მისი დაკავების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო გატაცება და არა დაკავება.
„მოკლედ ვიტყვი, საზოგადოებამ რომ იცოდეს. საღამოს 09:00 საათზე ვიყავი ორი მანქანით ლისის მიმდებარედ, სოციალურ პლატფორმაზე გადაცემა არის და მივდიოდი მონაწილეობის მისაღებად. იქ მისვლამდე მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება. გაგვაჩერა საპატრულო პოლიციამ, მძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო, რომ ყველაფერი აინტერესებდა, მოწმობის გარდა. ამ პროცესში მის რაციაში გაისმა ხმა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში. 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ტაქსიში, ვინც გამიტაცა. არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ. როცა პირს აკავებ, უნდა განუმარტო, რა ხდება. მე გამიტაცეს გუშინ, წამართვეს ტელეფონი. ერთ-ერთს ჰქონდა სურვილი, გაეხსნა ტელეფონი. არავინ ვიცით, რატომ მოხდა ეს. გუშინ თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ პროცესი. ფორმალურად 12:00 საათამდე მქონდა გირაოს გადახდის ვადა, 09:00 საათზე გაიტაცეს ის ადამიანი, ვინც ახლა გელაპარაკებათ. ახლა მეკითხებით, რატომ არ ვიხდი გირაოს, მაგრამ არ გაინტერესებ, რატომ ვარ აქ? ან ვინ გამიტაცა? არათუ არ იღებდნენ გატაცების მომენტს, ჩემს ორივე მანქანაში არის ვიდეოჩამწერი, ოთხივე ჩამწერი არის გატეხილი და გატაცებული, რომ არ გენახათ ჩანაწერი. ეს არის რეალობა, რაც მოხდა და ახლა თქვენ უნდა იმსჯელოთ, ვინ არის მტყუანი და მართალი? რა სამართალი უნდა დაადგინოთ თქვენ? კითხვა არ გიჩნდებათ, როგორ აღმოვჩნდი აქ? ათასობით ადამიანი მოჰყავდათ აქ ნაცემი და დალეწილი, იმათ არ ეკითხებოდით, ვინ აწამა და ისე უშვებდით პატიმრობაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ამასთან, მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ სხდომის დაწყებამდე ნიკა მელიას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მისი აცილების შუამდგომლობა, რაზეც მელიამ უპასუხა: „უდიდესი სურვილია, ყველასი – თქვენი, მურუსიძის, ჩინჩალაძის. პროცესიდან არა, ზოგადად, სისტემიდან, ჯანდაბისკენ“.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზედაც გირაოს გადაუხდელობასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ. მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 ათასი ლარის ოდენობის გირაო 29 აპრილს შეეფარდა, რომლის გადახდის ვადა გუშინ ამოეწურა.
პროკურატურამ მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ამასთან, ნიკა მელია სამართალდამცველებმა გუშინ, 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ის ცნობით, იგი დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1748719156