ფინეთი უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება NATO-ს 31-ე წევრი - იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

ფინეთი უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება NATO-ს 31-ე წევრი, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. მანამდე თურქეთი გახდა ალიანსის ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა.

„მივესალმები თურქეთის ეროვნული ასამბლეის მიერ NATO-ში ფინეთის წევრობის რატიფიცირებას. ამჟამად გაწევრიანების პროტოკოლი რატიფიცირებული აქვს ალიანსის 30-ვე წევრს. მე ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ საული ნიინისტოს და მივულოცე ეს ისტორიული დღე. ფინეთი ჩვენს ალიანს ოფიციალურად უახლოეს დღეებში შეუერთდება. მისი წევრობა ფინეთს უფრო უსაფრთხოს, ხოლო NATO-ს უფრო ძლიერს გახდის. ფინეთს ჰყავს ბრძოლისუნარიანი ძალები, განვითარებული შესაძლებლობები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, ამგვარად ფინეთის წევრობა ალიანს ბევრს მოუტანს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება შესაძლებლობას, რაც შეიძლება მალე მიესალმოს შვედეთს, როგორც NATO-ს სრულუფლებიან წევრს.

„მოკავშირეები თანხმდებიან, რომ შვედეთისთვის რატიფიციკაციის პროცესის სწრაფი დასრულება ყველას ინტერესებშია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადები გასული წლის გაზაფხულზე უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ერთად შეიტანეს. ამჟამად შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება დარჩენილი აქვთ უნგრეთისა და თურქეთის პარლამენტებს.