ევროკავშირი საფრანგეთს მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვისკენ მოუწოდებს

ევროკომისია

ევროკავშირი საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე უზრუნველყოს მოქალაქეთა მშვიდობიანი დემონსტრაციების გამართვის უფლება. ამასთან, ბრიუსელი გმობს შაბათ-კვირას მომხდარ ძალადობას, მაროდიორობასა და ხანძრების გაჩენას. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა განაცხადა.

„ადამიანები, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობენ, არ უნდა გავაიგივოთ მათთან, ვინც ძალადობრივ ქმედებებს სჩადის“, – თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, ცეცხლის განზრახ გაჩენა, ძარცვა და ადამიანებზე ან საზოგადოებრივ შენობებზე თავდასხმა მიუღებელია.

ევროკავშირის განცხადებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად აუცილებელია მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.

ბრიუსელის განცხადება მოჰყვა საფრანგეთში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომლებიც გასულ შაბათ-კვირას ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ძალადობრივ არეულობაში გადაიზარდა.

საფრანგეთის ხელისუფლებამ საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და ცალკეულ ტერიტორიებზე კომენდანტის საათის დაწესება დააანონსა.

✕