ლარი გამყარდა - განახლებული კურსი 20 ოქტომბრისთვის
1792419745
ევროკავშირი უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას. გასულ კვირას ბრიუსელში გამართულმა სამიტმა აჩვენა, თუ რამდენად გაძნელდება შეთანხმების მიღწევა ბლოკის ისტორიაში ყველაზე დიდ ბიუჯეტზე, უკრაინის ფინანსური დეფიციტის შევსებასა და აშშ-ისა თუ ჩინეთის მხრიდან გეოპოლიტიკურ წნეხზე რეაგირებაზე, - წერს POLITICO.
შექმნილ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს შიდაპოლიტიკური კრიზისი ევროკავშირის წევრ წამყვან სახელმწიფოებში, რომლებიც ბლოკის მთლიანი შიდა პროდუქტისა და მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს შეადგენენ.
ორგანიზაციის ოთხი უდიდესი ეკონომიკა პოლიტიკური ცვლილებებისა და არჩევნების მოლოდინშია, რაც ბრიუსელის გადაწყვეტილების მიღების უნარს მნიშვნელოვნად აფერხებს. ესპანეთი მომავალ თვეში რიგგარეშე არჩევნებს მართავს, სადაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, სავარაუდოდ, მარცხდება, წერს გამოცემა.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უფლებამოსილების ვადა ეწურება და აპრილში თანამდებობას ტოვებს, ხოლო გამოკითხვებით მემარჯვენე ლიდერი მარინ ლე პენი ლიდერობს. გერმანიაში მემარჯვენე-პოპულისტური "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) რეიტინგის ზრდა კანცლერ ფრიდრიხ მერცის პოზიციებს ასუსტებს, ხოლო იტალიაში პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მთავრობაც 2027 წლის არჩევნებისთვის ემზადება.
კვიპროსის პრეზიდენტმა POLITICO-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ, ესპანეთის არჩევნების გამო, წლის ბოლომდე ბიუჯეტზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ვეღარ მოხერხდება, ხოლო მომავალ წელს საფრანგეთსა და იტალიაში დაგეგმილი პროცესები ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. დიპლომატების შეფასებით, ევროკავშირს დღეს არ ჰყავს მკაფიო ლიდერი.
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ევროკავშირი ამჟამად სამი მხრიდან განიცდის შეტევას - აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთისგან. ვაშინგტონი ტრანსატლანტიკურ ალიანსს ეჭვქვეშ აყენებს, მოსკოვი ჰიბრიდულ ომს ეწევა, ხოლო პეკინი კრიტიკულ მიწოდების ჯაჭვებზე კონტროლს ამკაცრებს.
როგორც გამოცემა წერს, უმძიმეს მდგომარეობაშია უკრაინა, რომელსაც, სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომავალ წელს 30-დან 35 მილიარდ დოლარამდე ფინანსური დეფიციტი ექნება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტზე განაცხადა, რომ თუ უკრაინა დაეცემა, ევროკავშირში 20 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი შევა. დახმარების ერთ-ერთ წყაროდ ბელგიურ Euroclear-ში განთავსებული რუსული გაყინული 200 მილიარდი ევროს გამოყენება განიხილება, თუმცა ბელგია ამ ინიციატივის დაბლოკვას კვლავ განაგრძობს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას მცდელობის მიუხედავად, მიეღწიათ შეთანხმებისთვის 2026 წლის ბოლომდე, სამიტის საბოლოო დოკუმენტში ბიუჯეტზე კონსენსუსის ვადები საერთოდ ვერ მოხვდა. თუ ნოემბერსა და დეკემბერში დაგეგმილი შეხვედრებიც უშედეგოდ დასრულდება, მოლაპარაკებები 2027 წელში გადაინაცვლებს, სადაც საარჩევნო ბრძოლების გამო კომპრომისზე წასვლა ქვეყნებისთვის კიდევ უფრო რთული იქნება.