ჩინეთის მიერ ტაივანის გარშემო რაკეტების გასროლა არაპროპორციული, მნიშვნელოვანი და გაუმართლებელი ესკალაციაა - ბლინკენი

entoni blikeni

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ ტაივანის გარშემო რაკეტების გასროლა არაპროპორციული, მნიშვნელოვანი და გაუმართლებელი ესკალაციაა.

ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ არ აჰყვება ჩინეთის პროვოკაციებს და დასძინა, რომ „არ არსებობს შესაძლო გამართლება იმისთვის, რაც მათ გააკეთეს“.

4 აგვისტოს, ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს მიმდინარე წვრთნების დროს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. წვრთნები ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ წამოიწყო.

ტაივანის ცნობით, საუბარია 11 ბალისტიკურ რაკეტაზე, რომლებიც ტაივანის სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა.​ ტაიბეიში ჩინეთის მოქმედება ჩრდილოეთ კორეის ქცევას შეადარეს.