1728499899
„ცეცხლთან თამაში“ - მოითმენს თუ არა ჩინეთი?! - მამუკა გამყრელიძის პროგნოზი
რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა ჩინეთისა და ტაივანის კონფლიქტი ექცევა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ომის ზღვარზეა.
ორივე მხრიდან უკვე ისმის ურთიერთბრალდებები. ჩინეთი ტაივანს ემუქრება და აშშ-ს აფრთხილებს რომ ცეცხლთან თამაში არ შეიძლება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ სამხედრო გზით ჩაერიოს თუკი ჩინეთი ტაივანში შეიჭრება. მისი თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ტაივანის დაცვის ვალდებულება „კიდევ უფრო მაღალია“.
ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში ჩაერთვება თუ არა აშშ სამხედრო გზით ტაივანის დასაცავად, ბაიდენი ამბობს, რომ. „ჩვენ ამისი ვალდებულება ავიღეთ“.
აშშ ტაივანის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და ეთანხმება „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას. მაგრამ ამასთანავე კუნძულთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა აქვს.
პირველად, 25 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ოფიციალური ვიზიტით ფარგლებში ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინ-ვენს შეხვდა. შეხვედრისას ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ აშშ ტაივანს არ მიატოვებს.
პელოსის ვიზიტმა ჩინეთი გააღიზიანა და დაგმო პალატის სპიკერი ვიზიტი ტაივანში.
“ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის საპასუხოდ. ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და “ტაივანის დამოუკიდებლობის” სეპარატისტულმა ძალებმა“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
უფრო მეტიც, ჩინეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ნიკოლას ბარნსი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გასაპროტესტებლად ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ვან ის თქმით, ამერიკის მთავრობას შეეძლო, პელოსი შეეჩერებინა, მაგრამ ასე არ მოიქცა, რამაც სერიოზულად დააზიანა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა.
როგორ აფასებს ჩინეთი ტაივანის კონფლიქტს, რა გათვლა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ კრიზისში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამ საკითხზე „პრაიმთაიმს“ დიპლომატი, ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში და "ევროპელი დემოკრატების" გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე ესაუბრება.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა დაადასტურა, რომ ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში, ტაივანს იარაღითაც დაეხმარება, გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სულაც არ აწყობდა ტაივანში მისი წარმომადგენლის ვიზიტი, თუმცა, როგორც ჩანს, ნენსი პელოსმა უბრალოდ გაიტანა.
2018 წელს ტრამპმა მიიღო კანონი ტაივანში ამერიკის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ჩასვლაზე. ამის შემდეგ ძალიან გააქტიურდა ეს მიმოსვლა. მანამდე ასეთი ვიზიტი, მხოლოდ 25 წლის წინ იყო. ამასთან, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 25 წლის წინანდელი და დღევანდელი ჩინეთი რადიკალურად განსხვავებულია. სამხედრო სიძლიერითაც და ეკონომიკითაც. პირადად მე, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ეს ვიზიტი არ აწყობდა აშშ-ს, ყოველ შემთხვევაში, ბაიდენს, ადმინისტრაციას. არ აწყობდა არც პენტაგონს, რომელმაც უზარმაზარი თანხები დახარჯა იმაში, რომ იძულებული გახდა, გაეგზავნა მთელი ფლოტილია, „რონალდ რეიგანი“, ამხელა ავიამზიდი, კრეისერები, წყალქვეშა ნავები, თვითმფრინავები. წარმოიდგინეთ, რამხელა ფული დაიხარჯა, უზარმაზარი. ამიტომ პრესსპიკერები აფრთხილებდნენ, არ არის ახლა საჭირო ეს ვიზიტიო. „თაიმინგი“ ორივე მხრიდან ძალიან ცუდია, ამოუგდეს კიდეც ვიზიტების სიიდან: ინდონეზია, მალაიზია, ოფიციალურად არ ეწერა ტაივანი. როგორც ჩანს, ნენსი პელოსმა უბრალოდ გაიტანა. ის 82 წლისაა, ესეც უნდა გავითვალისწინოთ.
მთელი მისი პოლიტიკა, დაწყებული ახალგაზრდობიდან დღემდე, ესაა ბრძოლა ადამიანების უფლებებისთვის, ქალთა უფლებებისთვის, დემოკრატიისა და ა.შ. რაც ახლა მან გააკეთა, მწვერვალია იმ პოლიტიკისა, რასაც წლების განმავლობაში ატარებდა“,- ამბობს გამყრელიძე.
პოლიტოლოგი ასევე ამბობს, რომ რეალურად, მან აჩვენა სრული დამოუკიდებლობა, რაც კარგია ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში - კონგრესის დამოუკიდებლობა ადმინისტრაციისაგან. ეს ენტონი ბლინკენმაც თქვა კიდეც. ნენსი პელოსი თავის თავზე იღებს ამ პასუხისმგებლობას.
- რა როლი აქვს ამ პროცესში თეთრ სახლს?
„არსებობს გამოთქმა: „ცუდი კარტით კარგი კარტი ვითამაშოთ“, პელოსს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს კონგრესში. მათ შორის რესპუბლიკელებისგან. რატომ? ეს ცალკე საკითხავია. პრინციპში თეთრმა სახლმა ძალიან კარგი პოლიტიკა დაიჭირა. თუ ის არ დაეთანხებოდა პელოსის სურვილს ეს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებდა აშშ-ს პრეზიდენტის რეპუტაციას. ეს სწორად გათვალა თეთრმა სახლმა. წინ კონგრესის არჩევნები გვაქვს, რომელსაც ქალბატონი პელოსი ხელმძღვანელობს. რეალურად, მან აჩვენა სრული დამოუკიდებლობა, რაც კარგია ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში - კონგრესის დამოუკიდებლობა ადმინისტრაციისაგან.
თუმცა ჩინეთი ეუბნება აშშ-ს, რომ მე შენი არ მეშინია. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩინური მენტალიტეტი. ჩინეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ტაივანის შეერთებას გეგმავს, მათ შორის სამხედრო გზითაც. ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება, რაც ნიშნავს, შენი ამერიკის არ მეშინიაო და მართლაც არ ეშინია.
- როგორ მოითმენს ჩინეთი აშშ-ს ამ ვიზიტს და რა ელოდება ტაივანს?
ამას მოჰყვება ურთიერთობების დროებითი გართულება, მაგალითად, უკვე შეიზღუდა სავაჭრო ურთიერთობები ტაივანთან, თუმცა იმდენად უმნიშვნელო პროდუქციაზეა საუბარი, იმ პირობეში, როდესაც ტაივანიდან ჩინეთში სავაჭრო იმპორტი 170 მილიარდი დოლარია, ეს შეზღუდვა არაფერს შეცვლის.
ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალი - ნენსი პელოსმა მოითხოვა შეხვედრა ნახევარდაგამტარების მწარმოებელი კომპანიის პრეზიდენტთან, ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია ამ მიმართულებით, მსოფლიო ბაზრის 60 % უჭირავს.
არ არის გამორიცხული, ეს შეხვედრა იმ შეზღუდვებთან იყოს დაკავშირებული, რაც რუსეთთან დაკავშირებით არსებობს. საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე ეს ინციდენტი დასრულდება განცხადებებით, სიტუაცია არ გამწვავდება.
სიტუაციის გამწვავებისთვის არ არის მზად არც ჩინეთი, ფინანსურად არც ამერიკაა მზად კონფლიქტისთვის. სიტუაციის გამწვავება აუცილებლად იჩენს თავს დაახლოებით 20 წლის შემდეგ, ამ რეგიონში ომი გარდაუვალია.
ავტორი: ნანა ჩხაიძე