ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის წევრებს აშშ-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრა აუკრძალა, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია მას ვაშინგტონში არ მიიწვევს

ნეთანიაჰუ და ბაიდენი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის წევრებს აშშ-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრა აუკრძალა, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია მას ვაშინგტონში არ მიიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც Times of Israel წერს, ნეთანიაჰუ ნაწყენია, რომ 2.5 თვის წინ თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ, ის ვაშინგტონში ამ დრომდე არ მიუწვევიათ, იმ დროს, როდესაც წინა პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი 2021 წლის ივნისში უფლებამოსილების დაწყების შემდეგ, აგვისტოში უკვე ვაშინგტონს ეწვია. ამასთან, მედიის ცნობით, ვაშინგტონიდან ჯერ მის ვიზიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებაც არ მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელის ახალი მთავრობის პოლიტიკის ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის რადიკალურ გეგმებთან დაკავშირებით.

გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გამონაკლისს სტრატეგიულ საკითხებში მინისტრი რონ დერმერი წარმოადგენს, რომელიც მანამდე აშშ-ში ისრაელის ყოფილი ელჩი იყო და ნეთანიაჰუს წარმომადგენელია ბაიდენის ადმინისტრაციასთან.

ასევე, რამადანის დასრულებამდე გადაიდო ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებშიც.