1764786044
აშშ-ის წარმომადგენლებმა შეგვატყობინეს, რომ მოსკოვში მოლაპარაკებებს სამშვიდობო პროცესისთვის დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა - ანდრეი სიბიგა
აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლების შეფასებით, მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებს სამშვიდობო პროცესისთვის დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სიბიგამ აღნიშნა, რომ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსტემ უმეროვს ესაუბრა.
როგორც სიბიგამ აღნიშნა, უიტკოფსა და უმეროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და „უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, რთული წარმოსადგენია, რომ მათ შეხვედრის დეტალები განეხილათ“.
ამასთან, სიბიგას თქმით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა უკრაინული მხარე შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მიიწვიეს.
„აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა შეგვატყობინეს, რომ, მათი შეფასებით, მოსკოვში საუბრებს სამშვიდობო პროცესისთვის დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს არის მათი შეფასება. მათ უკრაინული დელეგაცია აშშ-ში მიიწვიეს, რათა უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები გავაგრძელოთ“, – განაცხადა სიბიგამ.












