1764786044
"ერთად მივიღეთ თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილება...ბევრი ადამიანი გაიფილტრა ჩემს გარშემო..." - მარიკა თხელიძის გულახდილი ინტერვიუ
მომღერალი მარიკა თხელიძე რამდენიმე წლის წინ პოლიტიკოს გიორგი მანველიძეზე დაქორწინდა, რის შემდეგაც კარიერასთან ერთად საკუთარი ქალაქიც მიატოვა და საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა. წყვილმა შვილებთან ერთად ბათუმში სამი წელი იცხოვრა, რამაც მარიკას კარიერას ხელი შეუშალა, ამჯერად კი ,ბათუმიდან თბილისში დაბრუნდნენ და ცხოვრებას აქ განაგრძობენ. მარიკა კი შოუ-ბიზნესში აქტიურად დაბრუნდა. პირველი მუსიკალური ნამუშევარი ლილიკო ნემსაძის სიმღერა იყო, შემდეგ კი თხელიძემ ნინი ქარსელაძესთან და «ქუჩის ბიჭებთან» ერთად დუეტი ჩაწერა და კლიპიც გადაიღო.
- მარიკა, ვის ეკუთვნის თქვენი, ნინი ქარსელაძის და «ქუჩის ბიჭების» ერთობლივი ნამუშევრის იდეა?
- ჩვენი კოლაბორაციის იდეა ეკუთვნის ხათუნა ჟორდანიას. ვიტყვი რომ სიმღერამ ძალიან გაამართლა. ზაფხულში საერთო ტურნე გვქონდა და ამ სიმღერამ მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ კი, რუსთავი 2-ზე შედგა ჩვენი კლიპის სატელევიზიო პრემიერა.
როდესაც ეს სიმღერა კონცერტებზე შევასრულეთ, დადებითი ემოციები წამოვიდა მსმენელისგან, რადგან ძველ დროსთან და ტკბილ მოგონებებთან ვასოცირდებით, ჩვენი ჰიტებით. თითქოს ჩვენც ძველ დროში დავბრუნდით. სიმღერა ყოველთვის გვაკავშირებდა, მაგრამ როცა სცენაზე ერთად გამოვდივართ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ემოციაა ჩვენთვის.
- მარიკა, დაოჯახების შემდეგ რამდენიმე წელი ბათუმში გადახვედით საცხოვრებლად, თუმცა ახლა მშობლიურ ქალაქს – თბილისს დაუბრუნდით, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- ოჯახთან ერთად სამი წელი ვიცხოვრე ბათუმში და საბოლოოდ გადმოვედი ისევ თბილისში. ეს მოხდა ჩვენი შვილების და ჩემი შემოქმედების გამო. ბათუმში ცხოვრების გამო, ბევრ რამეზე მიწევდა უარის თქმა. გიორგი ყველაფერში ხელს მიწყობდა, მაგრამ შვილებს ბათუმში ვერ ვტოვებდი მარტო, მე კი აქ ვერ ვრჩებოდი, დამღლელი იყო გზა, შესაბამისად ბევრ რამეზე მიწევდა უარის თქმა და ჩამოვშორდი ჩემს შემოქმედებას. გიორგისთან ერთად ცხოვრებისეულად გადავაფასეთ ყველაფერი და თბილისში გადმოსვლის გადაწყვეტილება მივიღეთ.
- რთული იყო უცხო ქალაქში ცხოვრება?
- ბათუმში ცხოვრებისას ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია მოხდა ჩემთვის. შეიძლება ითქვას, ყველაზე რთული პერიოდი იქ გავატარე. ბევრი ადამიანი გაიფილტრა ჩემს გარშემო და მიხარია რომ ეს არ მოხდა ხანდაზმულ ასაკში. ჩემთვის ახლა იწყება ცხოვრება. ჩემი ბედნიერება ჩემი ოჯახია და გადართული ვარ მათზე. ამიტომ ვარ ნაკლებად აქტიური. როცა დავფიქრდი მივხვდი შვილებს უნდათ წარმატებული და ლამაზი დედა. ნიკუშას ძალიან მოსწონს ჩემი სიმღერები, დედაჩემი პატარა ვივიენსაც ურთავს ჩემს სიმღერებს და ისიც ღიღინებს. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მაგალითი ვიყო ჩემი შვილებისთვის.
- სირთულეები ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თქვენ რა გეხმარებოდათ მათ გადალახვაში?
- სირთულე ყველა ცოლ-ქმრის და ოჯახის ურთიერთობაშია. მთავარია ჯანმრთელობის პრობლემა არ გქონდეს ადამიანს, თორემ სანამ ცოცხალი ხარ ყველაფერს ეშველება. პირველ რიგში მე და გიორგი მეგობრები ვართ და ამან გადაგვალახინა ბევრი სირთულე. ლოცვა მეხმარებოდა ყველაფერში ასევე და ზიარება. რაც მთავარია დედა მიდგას გვერდით, მან მთელი ცხოვრება მე დამითმო. რაღაც პერიოდით სამსახურიც მიატოვა და ბათუმშიც კი გადმოვიდა ჩემს დასახმარებლად. წარმოუდგენელი გვერდით დგომისთვის დიდ მადლობას ვუხდი დედას.
ახლა თბილისში ვაგრძელებთ მე და გიორგი ცხოვრებას. თბილისი არის შეუცვლელი ქალაქი ჩემთვის.
- გიორგი ახერხებს ბავშვების აღზრდაში დახმარებას?
- ამ დრომდე ნაკლებად ახერხებდა, ახლა რაც აქეთ გადმოვედით ძალიან მეხმარება და ვივიენიც ბედნიერია მამას ხშირად რომ ხედავს. ნიკუშას ძალიან უყვარს გიორგი და ვართ ბედნიერი ოჯახურ იდილიაში.












