როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
არსებობს გველების ერთი სახეობა, რომელიც იმდენად პატარაა, რომ მის ფონზე მონეტაც კი უზარმაზარი ჩანს. ეს ქვეწარმავლები ორი ათწლეულის განმავლობაში არავის ჰყავდა ნანახი, ახლა კი მეცნიერებმა ის ხელახლა აღმოაჩინეს.
ესაა Tetracheilostoma carlae, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მცირე ზომის გველია. მას ბარბადოსის ცენტრალურ ნაწილში ქვის ქვეშ მიაგნეს, როცა ამ არეალში ეკოლოგიური კვლევა მიმდინარეობდა. ის იმ 4800 სახეობას შორის იყო, რომლებიც "დაკარგულად" მიიჩნევა. ბარბადოსის ენდემური რეპტილიების კონსერვაციის პროექტის ფარგლებში მას ერთ წელზე მეტხანს ეძებდნენ.
ზრდასრული Tetracheilostoma carlae-ს სიგრძე სულ რაღაც 9-10 სანტიმეტრია და საკმაოდ წვრილია. ბოლო 20 წელში ამ გველების დაფიქსირებას ისიც ართულებდა, რომ ის ინვაზიურ ბრამინულ გველბრუცას ძალიან ჰგავს. სხვაობა იმდენად მცირეა, რომ მის გამოსავლენად გამადიდებელი შუშით დაკვირვებაა საჭირო.
მეცნიერები ამბობენ, რომ როცა დიდი ზომის ცხოველი ბუნებაში აღარ შეინიშნება, უფრო მეტი შანსია, რომ ის გადაშენებული იყოს. პატარა სახეობების შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, რადგან, შესაძლოა, მათ უბრალოდ ვერ ვხედავდეთ.
მეორე გამოწვევა ამ ქვეწარმავლების სათანადოდ შესწავლაა, რადგან ეს მათი დაზიანების გარეშე თითქმის შეუძლებელია (ისევ და ისევ ზომის გამო). შესაბამისად, ამ არსებების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.
ეს სახეობა Leptotyphlopidae-ს ოჯახში შედის, რომლის წარმომადგენლებიც ჭიანჭველებითა და ტერმიტებით იკვებებიან. ასევე, ისინი ამ უკანასკნელთა საბუდართან ახლოს ცხოვრობენ და მათგან თავს სპეციალური ფიზიოლოგიური სეკრეტის მეშვეობით იცავენ. Tetracheilostoma carlae აღნიშნულ მახასიათებლებს იზიარებს.
მეცნიერები ამბობენ, რომ მის დასაცავად ძალები არ უნდა დავიშუროთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ევოლუციური ფესვებია. ისინი მიეკუთვნებიან ქვეწარმავლების იმ ტიპს, რომლის ნამარხებიც ცარცული პერიოდისაა, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო ძველ ეპოქაში ჩამოყალიბდა. ისინი ერთ დროს სუპერკონტინენტ გონდვანაზე ცხოვრობდნენ, რომლის დანაწევრების შედეგადაც ეს პაწაწინა არსებები ბარბადოსის ტერიტორიაზე ამერიკის რეგიონიდან უნდა მოხვედრილიყვნენ.