როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სამივე ბრალდებულის ადვოკატმა 100 000-ლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, უწყების შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და ყოფილი მინისტრის ნათესავს, ვასილ მხეიძეს ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამინისტროს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას და გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან. პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილემ, დანარჩენი ორი ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
"მიმალვის საფრთხის დასაბუთება ხდება ბევრი კრიტერიუმით და აქ ბრალდების მხარემ რაც გააჟღერა, არცერთი კრიტერიუმი არ იყო დასაბუთებული იმიტომ, რომ გამოკითხული იყო 10 ივლისს, მან იცოდა, რომ მის ირგვლივ, ზოგადად, რაღაც ხდებოდა, მაგრამ არ უცდია მიმალვა, მათ შორის მტკიცებულებების განადგურებასთან დაკავშირებითაც. ვერ გეტყვით [გასაჩივრებაზე], ესეც უნდა შევათანხმო“, - აცხადებს ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი.
საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ გაფლანგულია დაახლოებით 1 300 000-ზე მეტი - სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა.
"მოცემულ საქმეზე იყო შესაბამისი ოპერატიული ინფორმაცია. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მოპოვებულ იქნა არაერთი მტკიცებულება, მრავალი მტკიცებულებაა, მათ შორის გაყალბებული დოკუმენტები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნულში მონაწილეობდნენ, კერძოდ ეს მოხდა 2023 წელს, იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ხაინდრავა, შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ღუდუშაური და იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის ნათესავი ვასილ მხეიძე, მათ შექმნეს არაკონკურენტული გარემო და შესყიდულ იქნა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა, ეს არის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია და გაფლანგულ იქნა დაახლოებით 1 300 000-ზე მეტი - სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხა. დღეს სასამართლო პროცესზე, ვინაიდან არსებობდა სხვადასხვა ინტენსივობით მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხეები, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა თითოეული ბრალდებულის მიმართ, რაც სასამართლო სრულიად სამართლიანად დააკმაყოფილა“, - აცხადებს პროკურორი ირაკლი მარშანია.