„პელე ხარ!“ - რა დიდი უნდა იყო ადამიანი, ნებისმიერ სფეროში წარმატების საზომად შენ სახელს იყენებდნენ

პელე და მარადონა

პელე რომ გარდაიცვალა, ჩემმა მეგობარმა ლადო გოგოლაძემ თქვა: „... რა დიდი უნდა იყო ადამიანი, ნებისმიერ სფეროში წარმატებულ ადამიანის საზომად რომ შენ სახელს იყენებდნენო“

„მართლა პელე ხარ!“; შენ მართლა პელე“; „მისი საქმის პელეა რა...“ „პელე ხარ“... მართლაც რამდენჯერ გვითქვამს და უთქვამთ ეს სიტყვები საუკეთესოს და გამორჩეულის შესაფასებლად...
 
 
პელე აღარ არის. მსოფლიო ფეხბურთის უპირველესი ლეგენდა. სიცოცხლის ბოლო წლებში კიბოს ებრძოდა, გულიც აწუხებდა. 2021 წელს მსხვილი ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს. მას შემდეგ მუდმივად მკურნალობდა. ნოემბერში კოვიდის გამო სან-პაულოს საავადმყოფოში აღმოჩნდა. 22 დეკემბერს მისი მდგომარეობა საგრძნობლად გართულდა და 29 დეკემბერს გარდაიცვალა.

საფეხბურთო კლუბ “სანტოსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მეფეს 3 იანვარს დაკრძალავენ. 2 იანვარს პელეს საავადმყოფოდან სანტოსის სტადიონზე გადაასვენებენ, სადაც მასთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი გაიმართება.

წყაროს მტკიცებით, გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი დილის 10 საათზე დაიწყება და 24 აათს გასტანს. ლეგენდასთან გამომშვიდობების შესაძლებლობა ბრაზილიის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს, ცნობილ ადამიანებსა და რიგით გულშემატკივრებს ექნებათ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფანები სასახლეს ვერ მიუახლოვდებიან.

3 იანვარს პელეს “Necrópole Ecumênica”-ს სასაფლაოზე გადაასვენებენ. დაკრძალვას მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი გარემოცვა დაესწრება. “Necrópole Ecumênica” გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც მსოფლიოს უდიდესი ვერტიკალური სასაფლაო. 

 

პელე მსოფლიოს სამგზის (1958, 1962, 1970) ჩემპიონი და უამრავი ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელია, მაგრამ მაგრამ ყველა ტიტულსა და ჯილდოზე მაღლა დგას სტატუსი - "ფეხბურთის მეფე". ამით ყველაფერია ნათქვამი!

როდესაც პელე 15 წლის იყო, ადგილობრივმა მწვრთნელმა, ვალდემარ დე ბრიტომ ცნობილ საფეხბურთო კლუბ „სანტოსში“  წაიყვანა სათამაშოდ. კლუბში მისვლისას დე ბრიტომ მწვრთნელს უთხრა – „ეს ბიჭი მალე საუკეთესო იქნება მსოფლიოში“. უკვე ერთი საათის შემდეგ მწვრთნელი ისე მოიხიბლა, რომ პელეს კონტრაქტზე ხელი მოაწერინა. ეს 1956 წელს იყო.

ორი წლის შემდეგ ამ ბიჭმა შვედეთში ბრაზილიას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, ფინალში კი 17 წლის პელემ შვედეთს ორი გოლი გაუტანა. საფინალო სასტვენის შემდეგ „საოცარმა ბავშვმა“ (როგორც შვედური პრესა მას უწოდებდა) მოედანზე გონება დაკარგა და მხოლოდ მას შემდეგ მოეგო გონს, როცა საფეხბურთო გულშემატკივრები ხელში აყვანილს დაატარებდნენ მინდორზე.

 

„პელე კეთილი, მშვიდი და კარგი ხასიათის ბიჭი იყო. საუბარში ბევრ დროს ვატარებდით. არც ვარსკვლავური ამპარტავნება აწუხებდა და არც ზედმეტი ამბიციები. შვილიშვილებს ვუყვებოდი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მსოფლიოში უფრო ცნობილია ვიდრე „კოკა-კოლა“… იშვიათია, სამყაროში ვინმე მასზე პოპულარული იყოს, თუმცა ის ძალიან უბრალო და ადამიანურია“, – ამბობდა პელეს უძველესი მეგობარი და ცნობილი ფეხბურთელი დიდი, რომელიც მასზე ხუთი წლით უფროსია.

 

როდესაც პელე ავად გახდა, ის დიეგო მარადონამ მოინახულა და მაშინ „ფეხბურთის მეფემ“ თქვა ფრაზა, რომელსაც მედია ამ დღეებში, ალბათ, ხშირად გაიმეორებს: „მჯერა, სამოთხეში ჩვენ ფეხბურთს ერთად ვითამაშებთ!“...

 

პელეს უკანასკნელი გზავნილი პუტინს

როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, თავის ინსტაგრამზე პუტინს მიმართა: „ძალადობას, რომელიც გრძელდება, არანაირი გამართლება არ აქვს, ეს კონფლიქტი საშინელება და გაუმართლებელია. არაფერი მოაქვს ტკივილის, შიშის და სიძულვილის გარდა..."

***

პელეს 80 წლის იუბილეზე, ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო "ათიანების" TOP 10-ზე Squawka.com-ის ვერსით ვრცელი სტტაია გამოქვეყნდა "ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო „ათიანები“

"სელესაოს" შემადგენლობაში პრესტიჟული 10-ნომრიანი მაისური ბევრ მსოფლიოს ჩემპიონსა და "ოქროს ბურთის" მფლობელს უტარებია. მაგრამ, ვინ არის საუკეთესო მათ შორის? რონალდინიო? რას იტყვით პელეზე? ზიკო, რივალდო, ნეიმარი, კაკა... მოკლედ, არნახული არჩევანია.

პირველი ადგილი მას ეკუთვნის -  O Rei - ფეხბურთის მეფე ყველაზე საოცარი "ათიანი" იყო ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში. პელე არის მისაბაძი სტანდარტი ყოველი ბრაზილიელი "ათიანისთვის". მან უბრალოდ შეცვალა ეს თამაში. 42 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც ის ფეხბურთიდან წავიდა, თუმცა ჯერაც ფეხბურთის გულშემატკივართა დიდ ნაწილს სწორედ პელე მიაჩნია ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ.

მისი პირველი მოგებული მუნდიალი, როცა თინეიჯერმა 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიბრწყინა და ბრაზილიას პირველი ტიტული მოაგებინა, დაუვიწყარია. რასაც მან კიდევ ორი ტიტული მიუმატა. პელემ ეროვნულ ნაკრებში 92 მატჩში 77 გოლი გაიტანა. ეჭვგარეშეა, რომ პელე ბრაზილიის ნომერ პირველი ფეხბურთელია. 

მთავარი სიახლეები