შექმნეს სისხლის ტესტი, რომლითაც ორგანიზმში შფოთვის გამოვლენა შეიძლება

სისხლის ტესტი

ინდიანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა სისხლის ტესტი შექმნეს, რომელიც პაციენტებში შფოთვის აღმოჩენას ემსახურება. პრესრელიზის თანახმად, მისი საშუალებით ობიექტურად შეიძლება განისაზღვროს როგორც შფოთვის განვითარების რისკი, ასევე შფოთვის ამჟამინდელი ხარისხი და ყველაზე ეფექტიანი სამკურნალო მეთოდებიც. ნაშრომი გამოცემაში Molecular Psychiatry გამოქვეყნდა.

ტესტი შფოთვის ბიომარკერებს იკვლევს - იმ ბიოლოგიურ ნიშნებს, რომლებიც შფოთვაზე მეტყველებს. კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი ფსიქიატრიის პროფესორი ალექსანდრე ნიკულესკუა, რომელიც აქამდე ტკივილის, დეპრესიისა და ბიპოლარული აშლილობის აღმომჩენი სისხლის ტესტების შექმნაზე ატარებდა კვლევებს. მისი ახალი ნაშრომიც ანალოგიურ მეთოდებს ეფუძნება.

კვლევის მონაწილეები სისხლის ანალიზს ყოველ 3-6 თვეში ერთხელ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოველი ახალი ჰოსპიტალიზაციისას აბარებდნენ. სისხლის ნიმუშებში რნმ ბიომარკერების გამოკვლევით მეცნიერებმა პაციენტებში შფოთვის ამჟამინდელი დონის განსაზღვრა შეძლეს; შემდეგ მათ სხვადასხვა მედიკამენტი მიუსადაგეს და შეამოწმეს, რამდენად ეფექტიანი იქნებოდა თითოეული მათგანი, პაციენტების ბიოლოგიის გათვალისწინებით.

ტესტი დაგვეხმარება დავადგინოთ, რამდენად აქვს ადამიანს სამომავლოდ შფოთვის გამძაფრების რისკი; შეაფასებს პაციენტის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედ ფაქტორებსაც.

მკვლევრის მოსაზრებით, შესაძლებელია, ტესტი ჯანმრთელობის ჩვეული შემოწმების ნაწილი გახდეს, რათა სამომავლოდ გართულებების პრევენცია მოხერხდეს.

საგულისხმოა, რომ ტესტის ეფექტიანობის დადასტურების შემდეგ ფართო მოხმარებისათვის მისი წარმოება სტარტაპმა MindX Sciences (ინდიანაპოლისი) უკვე დაიწყო.

თარგამნი