1728622915
"ვინიცობაა ვერ მოვასწარი, ფილმში ჩემი "კრუპნი", სევდიანი კადრი ჩასვიო. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა..." - შოთა კალანდაძე სოფიკო ჭიაურელზე
21 მაისი სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღეა. ლეგენდარული მსახიობი 86 წლის გახდებოდა... ადრე წავიდა, 71 წლის ასაკში. ავადმყოფობამ ამ სამზეოში ყოფნა და სცენით ტკბობა არ დააცადა. არადა, ცხადი იყო, რომ ბოლომდე დაიხარჯებოდა, ხანდაზმულიც ითამაშებდა და კიდევ ბევრ გენიალურ სახეს შექმნიდა.
რეჟისორი შოთა კალანდაძე ფეისბუქ გვერდზე პირველად ჰყვება ისტორიას, რომელიც მსახიობთან უკანასკნელ კონტაქტს აღწერს.
შოთა კალანდაძე: მინდა გავიხსენო ამბავი, რომელიც ქვეყნდება პირველად.
სოფიკო ჭიაურელის ბოლო სპექტაკლის გადაღება ფოტო აპარატით მე მომიწია. მინდა გულწრფელი ვიყო და დავწერო ის, რაც იყო.
მახსოვს, მინდოდა ქალბატონი სოფიკო მეორედ გადამეღო ჩემ ფილმში და დავურეკე, მოვიკითხე. მიპასუხა, არ ვარ კარგად, მაგრამ დღეს სპექტაკლი მაქვს, მაინც ვითამაშებ და მოდი, ნახე და სპექტაკლი რომ დამთავრდება, ჩაიზე მომიყევი, რა ფილმში გინდა გადამიღოო. მითხარი, პირადად მე, რა უნდა გავაკეთო ამ ფილმშიო.
დაიწყო სპექტაკლი, მთელი წარმოდგენის მანძილზე ჩემი ფოტო აპარატით, რომელი კადრიც მომეწონებოდა, ვიღებდი. დასრულდა წარმოდგენა, ყველა რომ გააცილა, სოფიკომ ჩემთვისაც მოიცალა და მითხრა: შოთიკო, ისე მაქვს წამლებისგან დასიებული სახე, რომ ფოტოები არ უნდა გადაგეღოო. მე ვაქებდი, მაგრამ ის მაინც მიმეორებდა ამას.
ამასობაში იქვე ავიღე კამერა და დავიწყე გადაღება და მისგან ისევ - არ გადამიღო, რამდენიმე დღეში დამიცხრება ეს ანთება და გადამიღე, სპექტაკლს ისევ ვითამაშებო.
მე არ გამიცნობიერებია ტვინით, მაგრამ თითქოს ჩემი სხეული გრძნობდა, რომ ეს მისი ბოლო სპექტაკლი იყო და ასე სულ დავხარჯე იქვე დარჩენილი ფირი. ''სამი თითის კომბინაცია მაჩვენა'', რომ არ გავწიე ფოტო-კამერა, მე ამის გადაღებაც მოვასწარი. ვიფიქრე, ალბათ, დასრულდა ჩვენი ურთიერთობა-მეთქი. დავემშვიდობე, ბოდიში ვუთხარი და დავაპირე წამოსვლა... და მან კარში შემომძახა: ფილმის სცენარი რომ უნდა გეთქვაოო.
ჩაიზე დამპატიჟა მესამე სართულზე, ვისაუბრეთ, მერე კარამდე მიმაცილა და ბოლოს მითხრა: ვინიცობაა ვერ მოვასწარი და შენ ფილმში ვერ გადამიღე, ჩემი "კრუპნი", სევდიანი კადრი ჩასვიო. ადრე რომ გადამიღე ''ხელოვანთა კადრებში'', ეს არის ჩემი ყველაზე სევდიანი კადრი კინოშიო.
ეს, რომ მითხრა თვალები თითქოს დაუსველდა. იმდენად ემოციური იყო ჩემთვის ნანახი, რომ ჩემ თავს ვეუბნებოდი, შოთა, არ წამოგივიდეს ცრემლი, თავი აიყვანე ხელში-მეთქი!
დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ამ შეხვედრიდან ცოტა ხანში, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მალე ქალბატონი სოფიკო გარდაიცვალა.
ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მართლაც ასე მოხდა, ფილმში "კადრები კოსმოსში", მე ჩავსვი კადრი, რომელიც თვითონ აირჩია.
ასევე დაგაინტერესებთ: „ცოცხალი რომ იყოს, მივიდოდი და ამას ვეტყოდი... – ნუცა კუხიანიძე ლევანის უკანასკნელ შეხვედრასა და მისი დაღუპვით მიღებულ პირველ შოკზე
„ეს ძალიან საჭირო ფილმია! შეძრული ვარ!“ - როგორ გადაარჩინა განადგურებას ედუარდ შევარდნაძემ „მონანიება“