ვინ ეპატიჟება ყოველ წელს ქართველ ხელოვანებს აშდოდში?

achiko

ისრაელის ქალაქ აშდოდის ვიცე მერი და ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მოშე ბოთერაშვილი უკვე წლებია აშდოდში "ქართველ ებრაელთა დღეს" აღნიშნავს. ეს დღე ოქტომბერში, „სუქოთის“ სადღესასწაულო დღეებს ემთხვევა. 

როგორც თავად მოშე ამბობს, არ არის საქართველოში მომღერალი, რომელიც მაღალ  დონეზე მიწვეული არ ჰყოლია ამ დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე. 

საქართველოს მწერალთა კავშირმა და ოქროს ფონდმა ბოთერაშვილს 2018 წელს  „კულტურის ამაგდარის წოდება“ მიანიჭა.

20 ოქტომბერს ქართველ ებრაელთა დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერეს - აჩიკო ნიჟარაძემ მეუღლესთან ერთად, დათუნა სირბილაძემ და-ძმის თანხლებით, ლაშა რამიშვილმა, ანი კეკუამ, ნოდიკო ტატიშვილმა, დუეტმა "ჯორჯიამ", აჩიკო ბერიძემ, თემურ თათარაშვილმა, კობა ჭეფხოძემ მეუღლით, ნინი ბადურაშვილმა...

როგორც აჩიკო სოლოღაშვილი "პრაიმტაიმთან" ამბობს, კონცერტს სამი ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

აჩიკო სოლოღაშვილი: ძალიან კარგი საღამო იყო - კარგი შემსრულებლებით. კონცერტი მე, თიკა ფაცაციას და მანიკა ასათიანს მიგვყავდა. თან ვიმღერეთ, ქართველ ებრაელებს მათთვის საყვარელი ქართული სიმღერები შევუსრულეთ. მე მეორედ მომიწია ამ დღეს ჩასვლა და სიმღერა.

აშდოდში 40 ათასამდე ქართველი ცხოვრობს. აშდოდის ვიცე მერი, ქართველი ებრაელი მოშე ბოთერაშვილი ყოველ წელს ცდილობს იქაურ ქართველებს ეს დღე აჩუქოს. ეს კაცი მართლა დასაფასებელია. იცით, რას ამბობს, ჩვენ თუ ჩვენი ისტორია დავივიწყეთ, მომავალი არ გვექნებაო. ასე უფრთხილდება ფესვებს...

თიკა ფაცაცია: - ყველა ქართველი ებრაელი ორ თარიღს ელოდება, ეს არის ქართველ ებრალთა დღე და ქალთა დღესასწაული, რადგან ყველა ცდილობს შეინარჩუნოს ქართული ენისა და ცეკვა-სიმღერის სიყვარული და გადასცენ შვილებს. აგერ უკვე 12 წელია მიმიხარია აშდოდისკენ, სადაც ვხედავ, რა დიდია ჩვენი სიყვარული და ურთიერთობების დანაკლისი. ან როგორ გლოცავენ, ან როგორ გიღებენ და გყვებიან სიმღერისას. ეს ორმხრივი სიყვარულია. 

აი, რას ამბობს ბოტერაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მოშე ბოთერაშვილი: აღთქმულ მიწაზე ასვლისას ქართულმა თემმა ძვალ-რბილში გამჯდარი ქართული ფენომენი ისრაელში წავიღეთ. მე ბავშვი წავედი აქედან, საქართველო რომ დავივიწყო, ბავშვობაზე უნდა ვთქვა უარი. მე, როგორც ებრაელი კაცი, ბედნიერი ვარ, რომ  ავედი ისრაელში, ჩემს აღთქმულ სამშობლოში და მთელი ჩემი რესურსით მას ვემსახურები, მაგრამ არ მაქვს უფლება, რომ დავივიწყო საქართველო – მიწა, სადაც არის ჩემი მამის და წინაპრების საფლავები, შენახული ისევე წმინდად, როგორც დავტოვეთ.