„ცხოვრება, პორტრეტი, განცდები, ფიქრები, ქმედებები, ურთიერთობები, სიკეთე...“ - რა ეტაპზეა ფილმი "დავით აღმაშენებელი"

davit

დავით აღმაშენებელზე ფილმს ლევან კოღუაშვილი რომ გადაიღებს, ამის შესახებ ცნობილი 17 მარტს გახდა. რეჟისორი საკონკურსო კომისიის მიერ შეირჩა, რომელშიც შედიან: კომისიის თავმჯდომარე - კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; მწერალი და დრამატურგი ლაშა (ირაკლი) სამსონაძე; ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე; რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია; მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი; კინორეჟისორი რუსუდან გლურჯიძე; ისტორიკოსი ჯაბა სამუშია.

ამ ეტაპზე, როგორც "პრაიმტაიმს" ლევან კოღუაშვილმა უთხრა, სცენარზე მიდის მუშაობა და ის წლის ბოლოს დასრულდება. კოღუაშვილთან ერთად სცენარის თანაავტორია ბორის ფრუმინი. პროექტში ჩართულნი არიან კონსულტანტები, ისტორიკოსები - ზაზა აბაშიძე, მამუკა წურწუმია და ეკა კვაჭანტირაძე, ფოტოგრაფები - გიორგი მაღრაძე და დიმიტრი გომბერგი, მხატვრების ჯგუფი: დამდგმელი მხატვარი - კოტე ჯაფარიძე, კოსტიუმები - ნინო ჩუბინიშვილი, რეკვიზიტი - ვალო იმერლიშვილი, კინოოპერატორი - ფედონ პაპამიქაელი.

პროექტის სახელწოდებაა „დავით აღმაშენებელი“ (სამეფო გზა).

ლევან კოღუაშვილი: ამ ეტაპზე სცენარზე ვმუშაობ ისტორიკოსების დიდ ჯგუფთან და ამერიკელ სცენარისტთან ერთად. სცენარი წლის ბოლომდე დასრულებული უნდა იყოს.

ჩანაფიქრია, რომ ერთი დიდი მხატვრული ფილმი გაკეთდეს, შეიძლება იყოს - ორ ნაწილიანი. სერიალი არ იქნება. ფილმში დავით აღმაშენებლის ცხოვრების უმთავრეს მომენტებს ავსახავთ. ცხადია, ყველაფერს ვერ გადმოსცემ. 

მერე ფილმის დაფინანსების მოძიების ეტაპი დადგება. დიდი პროცესია. 

ვნახოთ, იმედია, კო-პროდუქცია იქნება. ჯერ ადრე ამ ყველაფერზე საუბარი. 

კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი იმ კომისიის თავმჯდომარე გახლდათ, რომელმაც ლევანი, ამ საპასუხისმგებლო ფილმის გადასაღებად, სხვა რეჟისორებს შორის აირჩია. 

მერაბ კოკოჩაშვილი: ვფიქრობ, რომ სადღაც სამ საათიანი ფილმი უნდა გამოვიდეს. ეს არის რთული ეპოქა და სერიოზულად მუშაობა სჭირდება.

დავით აღმაშენებლის ცხოვრება, პორტრეტი, განცდები, ფიქრები, ქმედებები, ურთიერთობები, სიკეთე, მეორეს მხრივ ძალადობა, ქრისტიანობა, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოთხრობილი, რაც საბოლოო ჯამში, საერთო სურათს დახატავს. მან ამ ყველაფრით ძლიერი, ეროვნული პრინციპების ქვეყანა შექმნა.

მჯერა, რომ ლევანი და მისი ჯგუფი ამ რთულ პროექტს ბოლომდე ღირსეულად მიიყვანს. მისი მასალები ყველაზე საინტერესოდ გვეჩვენა.