„საქართველოს სამუზეუმო ცხოვრებისათვის ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, შეიქმნა მუზეუმელთა ალიანსი“ - გიორგი კალანდია

მუზეუმელთა ალიანსი

ქართველი ისტორიკოს ინფორმაციით, საქართველოს სამუზეუმო ცხოვრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, შეიქმნა მუზეუმელთა ალიანსი. ამის შესახებ გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს სამუზეუმო ცხოვრებისათვის ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, შეიქმნა მუზეუმელთა ალიანსი. ეს ალიანსი შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის, ეროვნული მუზეუმის, ეთნოგრაფიული მუზეუმის, თბილისის ისტორიის მუზეუმის და ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის ურთიერთანამშრომლობისა და მეგობრობის შედეგია. ალიანსი დააფუძნეს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ და ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა, ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ თეონა ჯაყელმა, ეთნოგრაფიული მუზეუმისა და თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორმა ნინო ჭიპაშვილმა და ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელმა, თქვენმა მონა მორჩილმა გიორგი კალანდიამ. დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით 3 წლის ვადით არჩეული ვარ მუზეუმელთა ალიანსის თავმჯდომარედ, ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა... მუზეუმელთა ალიანსი საქმიანობას ძალიან საყურადღებო ამბებით იწყებს: მიმდინარე წელს პირველად საქართველოს ისტორიაში გაიმართება საქართველოს მუზეუმელთა ასამბლეა სადაც რამდენიმე ასეულ დელეგატს მთელი საქართველოდან ველით. გვსურს ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილებები, მოვისმინოთ ერთმანეთის პრობლემები და ერთად დავსახოთ მათი მოგვარების გზები... ამავე ასამბლეაზე მოვისმენთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სამუზეუმო სფეროში ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მოგვიყვება იმ სამომავლო გეგმების შესახებ, რომელიც მიზნად სამუზეუმო სფეროს განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება. ამავე ასამბლეაზე საქართველოს მუზეუმების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ სიძველეთსაცავების განვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები. ყველაზე მეტად ერთი ამბავი მახარებს: ამ ასამბლეაზე პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გაიცემა პროფესიული სამუზეუმო ჯილდო, ჯილდო რომელიც მიმდინარე წლის 18 მაისს სამინისტრომ მუზეუმელებისათვის დააწესა... ეს არის საუკეთესო მუზეუმელის ვერცხლის მოოქრული მედალი, რომელიც ალიანსის მმართველი საბჭოს რეკომენდაციით და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით 3 საუკეთესო მუზეუმელს გადაეცემა... ყოველთვის მინდოდა მუზეუმელებს ჩვენი პროფესიული ზეიმი გვქონოდა, შეგვძლებოდა ერთმანეთის დაფასება, ერთმანეთის შრომის შეფასება, ერთმანეთის პრობლემებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციის მოსმენა... ის რომ ასამბლეას რამდენიმე ასეული დელეგატი ესწრება ეს ნიშნავს რომ აქ მთელი საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლები იქნებიან... მიხარია რომ სამუზეუმო ცხოვრება გამოცოცხლდა, მიხარია რომ ჩვენი დარგის დაფასება და მხარდაჭერა დაიწყო" , - წერს გიორგი კალანდია.