ნახეთ, ჰამლეტ გონაშვილის პლაჟის ფოტო, რომელიც თანამედროვე ბოდიბილდერებს შოკში აგდებს

hamleti

"საქართველოს ხმა" - ჰამლეტ გონაშვილი 57 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა. მშობლიურ ანაგაში ხიდან ჩამოვარდა და კუნძში ჩარჭობილ სოლს წამოეგო...

ამ ფოტოზე კი, რომელიც ფეისბუქზე "შემომხვდა", ახალგაზრდა ჰამლეტია, ზღვაზე. 

ღვთიური ხმის მქონე მომღერალს შესაშური აღნაგობა ჰქონია. წუნს თანამედროვე ბოდიბილდერებიც კი ვერ უპოვნიან.

კოსმიური ხმის ტემბრის მქონე მომღერალს მეუღლე დეიდაშვილის სახლში გაუცნია. ოჯახი რომ შეუქმნიათ, ჰამლეტი 44 წლის ყოფილა. ერთად მხოლოდ 13 წელი გაატარეს. აი, როგორ გაიხსენა ქალბატონმა ლამარამ, "თბილისელებთან", ქმართან გაცნობის ეპიზოდი.

ლამარა ცინცაბაძე: ჰამლეტის დეიდაშვილი ჩემი თანამშრომელი იყო. ამ გოგონამ დაბადების დღეზე დამპატიჟა, სადაც ჰამლეტიც იყო და სუფრასთან გავიცანით ერთმანეთი. მაშინ იშვიათად ქრებოდა შუქი. იმ საღამოს ჩემ წინ იჯდა. შუქი რომ ჩაქრა, ლამპები შემოიტანეს და ახლოს დამიდგეს. ლამპის შუქმა არ შეგაწუხოსო, – ხელსახოცი ამოჭრა და შუშაზე ჩამოაცვა, დამიჩრდილა. რასაკვირველია, სუფრასთან იმღერა. მაშინვე გაჩნდა ჩვენ შორის სიმპათიები. მერე ქობულეთში ვიყავი დასასვენებლად და რადიოში მოვისმინე მისი სიმღერა. იმდენად იმოქმედა ჩემზე, ოთახში ვერ გავჩერდი და ზღვის ნაპირზე გავედი, რომ მისი ხმით გამოწვეული ემოციები გადამეხარშა. იქიდან რომ ჩამოვედი და შევხვდი, უკვე სხვა დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ.

ასე ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ბოლოს გადავწყვიტეთ, დავოჯახებულიყავით. ის 44 წლის იყო, მე 39-ის. ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებოდით: მე ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ვიყავი, ჩაის სპეციალისტი, ჰამლეტი კი – ასეთი მომღერალი. სამაგიეროდ, პოეზიის სიყვარული გვაკავშირებდა.

ძალიან მშვიდი და უპრეტენზიო იყო. არ უყვარდა სახლში ხელცარიელი მოსვლა, აუცილებლად სარჩო-სანოვაგით დატვირთული უნდა მოსულიყო. ზოგჯერ იმდენს მოიტანდა, ვსაყვედურობდი, სად წავიღო ამდენი-მეთქი. შაბათ-კვირას მე, ბავშვებს, ახლობლებს ჩაგვსვამდა მანქანაში და ბუნებაში – სადმე კარგ ადგილას გავყავდით. ბავშვებსაც ძალიან უხაროდათ მამასთან ერთად მგზავრობა. რაღაცებს უხსნიდა, ასწავლიდა. ის იყო გამორჩეულად კარგი მამა. ერთხელ უფროსი ბიჭი საბავშვო ბაღში წაიყვანა. მაშინ მანქანა არ ჰყავდა. წვიმამ მოუსწროთ და დასველდნენ. საღამოს ბავშვს მე მივაკითხე წამოსაყვანად. მასწავლებელმა მითხრა: ქალბატონო ლამარა, ჰამლეტი როგორი არაჩვეულებრივი ადამიანია. მშობლებმა დასველებული ბავშვები შემოგვიყარეს და წავიდნენ. ამან კი ბავშვს სველი ტანსაცმელი გახადა, გაამშრალა და კარადაში რომ სათადარიგო ტანსაცმელი ჰქონდა შენახული, ის ჩააცვა, ყველაფერი გამოუცვალა და ისე წავიდა. ასე დედებიც კი არ იქცევიან, არამცთუ მამებიო. ასევე, ძალიან ერთგული, მოსიყვარულე მეუღლე იყო. ლამაზი ფოთოლიც რომ ენახა სადმე, აუცილებლად აიღებდა და მე მომიტანდა – ლამარას არ უნახავს და წავუღებო. ერთხელ, საბაობაზე იყო წასული. საღამოს კარზე ზარის ხმაა. გავაღე – ვხედავ რაღაც დიდი თაიგულის მსგავს ხის ჯირკს ფერად-ფერადი ფოთლებით. ეს სამხრეთ საქართველოს ბუნების ნაწილი – შენო, – მითხრა...

"პრაიმტაიმს" კი გასულ ზაფხულს ინტერვიუ მისცა მომღერლის უმცროსმა ვაჟმა - გიორგი გონაშვილმა, რომელმაც მამა გაიხსენა...

გიორგი გონაშვილი: მოგეხსენებათ, ჰამლეტი გვიან დაოჯახდა. როცა მე და ჩემი ძმა ქუჩაში ხელჩაკიდებული მივყავდით, მახსოვს, ხელს ძლივს ვაწვდენდი. სულ იმას ამბობდა, როდის გაიზრდებით, რომ სიმაღლეში დამეწიოთო. მისთვის იმ პერიოდში ოცნება იყო, რომ მალე გავზრდილიყავით...

დღეს ჰამლეტს ოთხი შვილიშვილი ჰყავს, ცოცხალი რომ ყოფილიყო უბედნიერესი იქნებოდა. ჩემი ძმის უფროსი შვილი, პაპის მოსახელე ჰამლეტ დაჩი გონაშვილი ჩიკაგოში სწავლობს, სამართლის პროფესიას ეუფლება. ჩემი ძმის მეორე შვილი ჯემიკო, აბიტურიენტია. ჩემი უფროსი შვილი იოანე, წელს შევიდა სკოლაში, უმცროსი ნინა, წლის და ოთხი თვის არის.

რაც წამოვიზარდეთ, ასეთი ტრადიცია გვაქვს, ჰამლეტის დაბადების დღეზე საფლავზე გავდივართ და მერე ოჯახურ გარემოში აღვნიშნავთ. დედა, ლამარა ცინცაბაძე 89 წლის გახლავთ.