1733258119
"ლაზარეს" გადაღებისას გეგა ეუბნებოდა, მაგრად დამარტყი, ჯემალი ბიძია, თორემ გვეტყვიან, არ ვარგა, თავიდან გადავიღოთო..." ჯემალ ღაღანიძეს ნათელა მაჭავარიანი იხსენებს
ჯემალ ღაღანიძეც წავიდა... ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი იმ ძვირფასი არტისტებიდან, რომლებმაც 60-80-იანელ თაობას ცხოვრება გაგვილამაზეს, უკეთესები გაგვხადეს და ცნობიერება აგვიმაღლეს...
ბოლო წლები ძირითადად საწოლში გაატარა. სატელეფონო ინტერვიუებზე რომ ვურეკავდი, ვგრძნობდი სიხარულისგან როგორ წამოიწეოდა და აენთებოდა. ბავშვური გულწრფელობით უხაროდა ყურადღება, მოკითხვა... სიცოცხლე ემატებოდა. ოცნებობდა დღეზე, როდესაც ისევ შეძლებდა სცენაზე დადგომას და შემოქმედებითი ცხოვრების გაგრძელებას. ყველაზე სევდიანი ხომ სახლში გამოკეტილი, საწოლს მიჯაჭვული მსახიობია. პროფესია, რომელსაც ასაკი არ ზღუდავს, შინაგან ცეცხლს არ უქრობს მსახიობს. რაც არ უნდა უენერგიოდ იყოს, ის წარმოსახვით მაინც სცენაზე დგას და ყურში აპლოდისმენტები ჩაესმის.
არ ნებდებიან, რომც აღარ შეეძლოთ. მაგრამ ერთი მღრღნელი კითხვა მაინც აწუხებთ - "ნეტავი, იქ თეატრი არის?"
21 აპრილს 90 წლის უნდა გამხდარიყო. შარშან დაბადების დღე რომ მივულოცე, ასეთ განწყობაზე იყო.
ჯემალ ღაღანიძე: - მე კმაყოფილი ვარ. აქამდე მოვედი და ბედს არ ვუჩივი. სიცოცხლის ბოლომდე ვმუშაობდი, სცენაზე ვიდექი. მეტი რა უნდა მინდოდეს.
ერთი ეგ არის, თვალებში ძალიან დამაკლდა. აღდგომის შემდეგ უნდა მივიდე ოფთალმოლოგთან.
განწყობაზე რა გითხრათ. საწოლში ვწევარ. ვინც მოვა, დავხვდები. თუ ვიქნები, კარგია, თუ არადა, რა ვქნა ახლა? ჩემისთანები წასულან ამ ქვეყნიდან?
მახსოვს საუბარში მსახიობის მეუღლე, მუსიკოსი ლენა გერმესაშვილი ჩაგვერთო.
ლენა გერმესაშვილი: - სიბერეს ვერ ეგუება, ძალიან განიცდის. მაგას უნდა 15 წლის ბიჭი იყოს, მაგრამ რომ არ გამოდის? მეც მინდა რომ ვიყო 15 წლის გოგო...
ჩემთან ბუზღუნებს, სხვასთან - ვერა.
ვეფერებით ყველა, ვანებივრებთ. ვეუბნები, რაც 56 წელი არ მოგფერებივარ, ახლა გეფერები-მეთქი.
ჯემალ ღაღანიძის კინოროლებიდან ყველაზე სახასიათო პერსონაჟია მემიკიტნე "ლაზარეს თავგადასავალში". ფილმი კინოეკრანებზე 1973 წელს გამოვიდა. მთავარ როლს 9 წლის გეგა კობახიძე ასრულებს. სურათში თამაშობენ მსახიობები – კახი კავსაძე, ლია ელიავა, ვასილ ჩხაიძე, ავთანდილ მახარაძე, ჯემალ ღაღანიძე…
გეგა კობახიძის დედა, მსახიობი ნათელა მაჭავარიანი ჯემალს "პრაიმტაიმთან" იხსენებს.
ნათელა მაჭავარიანი: - ძალიან თბილი პიროვნება იყო ჯემალი. მით უმეტეს გეგას მიმართ. სულ ეფერებოდა, თბილად ექცეოდა. ერთ ეპიზოდში კიბეზე რომ ურტყამს მისი გმირი ლაზარეს, ჯემალი რბილად არტყამდა თურმე და გეგა ეუბნებოდა, დამარტყი, კარგად დამარტყი, ჯემალი ბიძიაო. უფრო მაგრად დამარტყი, თორემ მერე გვეტყვიან, კიდევ ერთი დუბლი უნდა გადავიღოთო. არა, ბიჭო, როგორ დაგარტყა მაგრადო, ეუბნებოდა თურმე ჯემალი. ამ ეპიზოდს ჩემი დედამთილი რომ უყურებდა, ჯემალზე ბრაზობდა, შენ გაგიხმეს ეგ ხელებიო (იცინის).
შეხმატკბილებული და ერთმანეთზე შეყვარებულები იყვნენ გეგა და ჯემალი.
გეგას უყვარდა. არაჩვეულებრივი პიროვნებაა, დედაო, მეუბნებოდა, ისე მივლის და მეფერებაო. თითქმის მთელი ფილმი ქვათახევშია გადაღებული. მაშინ ცხრა წლის იყო გეგა და დიდი პროფესიონალივით მუშაობდა. ქართლოს ხოტივარი გაგიჟებული იყო, ეს რა ბავშვი ვიპოვეთო. გეგაც ისეთი ტიპი იყო, ყველას უყვარდა.
მსახიობთა არაჩვეულებრივი ანსამბლია ფილმში დაკავებული. ანარქისტი ანანიას როლში გურამ ნიკოლაიშვილი გახლდათ, რომელიც ცირკში მუშაობდა. არ ვიცი, საიდან გაჩნდა ამ ფილმში. სხვაგან არც კი მინახავს და მას შემდეგ არც არაფერი გამიგია მასზე. საინტერესო სახე კი შექმნა.
ახლა რომ დამირეკავენ, ჩართე ტელევიზორი, “ლაზარე” გადისო, ვეღარ ვუყურებ. დამანებეთ თავი, აღარ მინდა ამ ფილმის ნახვა-მეთქი, ვამბობ...