„როცა კონცერტებზე ერთად ვიყავით, "ჩიტო-გვრიტოს" თვითონ არასდროს მღეროდა, მე მამღერებდა...“ - დათო ხუჯაძე ბუბაზე

dato buba

ბუბა კიკაბიძემ თავისი რეპერტუარით მთელი ეპოქა შექმნა. მღეროდა გენიალური კომპოზიტორების სიმღერებს, რომლებიც მაშინვე ჰიტდებოდა. სიმღერები ისეთი პოპულარული იყო, რომ 80-იან წლებში მოსმენილი, დღემდე ყურის მახსოვრობაშია გამჯდარი.

შემდეგ ჩაიწერა რემიქსები, ამ სიმღერების გაცოცხლების მცდელობით. ახალი თაობის მომღერლებმა ძველი, ახლებურად ამოატრიალეს. ზოგს გაუმართლა კიდეც. ასეთი აღმოჩნდა დათო ხუჯაძის გარემიქსებული "ჩიტო-გვრიტოს" ახალი ვერსია. ფილმ "მიმინოსთვის" დაწერილ გია ყანჩელის სიმღერას, დათომ ახალი სიცოცხლე აჩუქა. თავად სიმღერამ კი, ისიც ახეირა...

მომღერალი "პრაიმტაიმთან" იხსენებს, თუ რა აზრის იყო თავად დიდი არტისტი ახალ ვერსიაზე.   

დათო ხუჯაძე: ბედნიერება მხვდა წილად, რომ ბუბას სიმღერა "ჩიტო-გვრიტო", რომელიც მისი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იყო, მე შევასრულე. კონცერტებზე, როდესაც ვხვდებოდით, ვეკითხებოდი: კანსტანტინოვიჩ, დღეს ხომ არ მღერით "ჩიტო-გვრიტოს"-მეთქი? მიდი, მიდი იმღერეო, მეტყოდა.

მოსწონდა ჩემი ვერსია. და როცა ერთად ვიყავით კონცერტებზე, თვითონ არასდროს მღეროდა "ჩიტო-გვრიტოს", მე მამღერებდა.

რამდენი ხალხი მივიდა მის გასაცილებლად, ხომ ნახეთ, თანაც, არა მხოლოდ ქართველები.

ამ ადამიანმა კაცურად იცხოვრა. ხალხიც გაახარა და თვითონაც იხარა. ღმერთმა მის ასაკამდე მიგვიყვანოს ყველა.

სამწუხაროა, რომ ამ ადამიანის წასვლით, ეპოქა დამთავრდა.