"იმისთვის, რომ შინაგანი მხნეობა შეინარჩუნოთ უნდა..." - მერაბ კოკოჩაშვილი 88 წლის გახდა

merabi

მერაბ კოკოჩაშვილი იუბილარია. კინორეჟისორი 88 წლის გახდა. ცოტა ვერ ვარ კარგად, გრიპი მაქვს და დღეს მეგობრები ვერ მივიღეო, თქვა "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში. 

აქტიურია, ასაკს არ უჩივის, არც - ჯანს; კვირაში ორჯერ საცურაოდ აუზზე დადის. გადაიღო მხატვრული ფილმი "ტერცო მონდო", სადაც მთავარ როლებს დუტა სხირტლაძე და ლევან წულაძე ასრულებენ. როგორც გვპირდება, ფილმის ჩვენებას შემოდგომაზე დაგეგმავს.

სამი წლის წინ ვერაგ დაავადებას დროულად მიუსწრო და ექიმების წარმატებულმა ქირურგიულმა ჩარევამ, რეჟისორი გამოაჯანმრთელა.

ამბობს, რომ საყვარელი საქმის კეთება ჩვენი შინაგანი მხნეობის საწინდარია. 

მერაბ კოკოჩაშვილი: დღეს ბევრმა მოლოცვამ გამახარა. აქედან, უცხოეთიდან, სტუდენტებისგან. ერთმა მოწაფემ ამერიკიდან დამირეკა, მეორემ - ბრიუსელიდან. იმდენი ზარი და მოლოცვა იყო, ვერ წარმოიდგენთ. მადლობა ყველას.

სიმართლე გითხრათ, ასაკს ვერ ვგრძნობ. ვცდილობ, სპორტულად ვიცხოვრო.

იმისთვის, რომ შინაგანი მხნეობა შეინარჩუნოთ, შრომაა საჭირო. ბუნებრივია, საყვარელი საქმის კეთებას ვგულისხმობ. თავიდანვე ვცდილობდი ის მეკეთებინა, რაც მიყვარდა. ამისთვის ბრძოლა და შრომაა საჭირო. და მოთმინება და მოთმინება, როგორც მასწავლიდნენ. ფასდება თუ არა ეს მოთმინება, ეს სხვა ამბავია, იმის მიხედვით, რა გამოგივა, ამას კი დრო დააფასებს. დრო არის საუკეთესო შემფასებელი. 

- და მაინც თქვენი სახელისა და გვარის, მერაბ კოკოჩაშვილის გასწვრივ, რომელი ნამუშევარი გეამაყებათ?

- ეს თქვენი შესაფასებელია და არა - ჩემი. საზოგადოებამ უნდა შეაფასოთ. არ შეიძლება შენ აარჩიო რომელიმე ერთი ნამუშევარი. შენ შრომობ, ზოგჯერ ახერხებ ჩანაფიქრის განხორციელებას, ზოგჯერ, სხვადასხვა მიზეზით, ვერ ახერხებ...