„გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“- დღეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა

 წმინდა იოანე ღვთისმეტყველი

დღეს, 21 მაისს სიყვარულის დღეა, რადგან სიყვარულის მქადაგებელი მოციქულის - წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა.

ის იყო კაცობრიობაში პირველი ადამიანი, რომელმაც თქვა საოცარი სიტყვები, სიტყვები რომელზედაც დაფუძნებულია მთელი ჩვენი სარწმუნოება, სიტყვები რომელნიც მთელი სისრულით მოგვითხრობენ უფლის შესახებ - „ღმერთი სიყვარული არს!" - წერს სახარებაში იოანე მახარებელი.

მაშ, ყური ვუგდოთ ღვთის რჩეულს - შევიყვაროთ ერთმანეთი, რათა მივუახლოვდეთ უფლის არსს, შევიგრძნოთ ჭეშმარიტი სიხარული და მარადისობის დღესასწაული - დღესასწაული სიყვარულისა!  - „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“ - (იოანე 15,12) „იყუარებოდეთ ურთიერთას" - ქადაგებდა იოანე მახარებელი.

წმინდა მოციქული არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო; ნეტარი გოლგოთის გზაზეც შეუდგა ქრისტეს, ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა.

ჯვარცმულმა მაცხოვარმა, როცა იხილა დედამისი და „მოწაფე იგი, რომელი უყუარდა", დედას უთხრა: - „დედაკაცო, აჰა ძე შენი!" შემდეგ კი იოანეს უთხრა: - „აჰა დედაჲ შენი!" (იოანე 19,26-27).

ამ დროიდან მოყოლებული, ნეტარი მოციქული მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმინდა ქალწულზე და ერთგულად ემსახურებოდა მას.

იოანე მახარებელი უპირატესად, სიყვარულის მოციქულია. ვერც მხცოვანებამ, ვერც ხორციელმა უძურებამ ვერ შეძლო დაეცხრო მასში საოცარი მოშურნეობა.

იოანე მახარებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე, მოწაფეებს იკრებდა ირგვლივ და მოუწყინებლად შეაგონებდა, ურთიერთს შორის მშვიდობა დაეცვათ და ერთმანეთი ჰყვარებოდათ.

იოანე მახარებელი ას წელს იყო გადაცილებული, როცა სასუფეველს შეერთო.

ზედწოდება „ღვთისმეტყველი" წმინდა ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან, მხოლოდ, წმინდა იოანეს - ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს მიაკუთვნა.

„შვილნო, გიყვარდეთ ერთმანეთი", - წმინდა იოანეს ამ სიტყვებს კიდევ ერთხელ მოისმენენ მორწმუნენი, ახლა უკვე ბოლო ჟამს.

როგორც წმინდა ანდრია სალოსი ბრძანებს, უფლის მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს გამეფებისას, წმინდა ელიასა და ენუქთან ერთად წმინდა იოანეც მოევლინება ცოდვილ კაცობრიობას, განამხნევებს ქრისტიანებს და ამხელს ანტიქრისტეს (წმინდა თეოდოსი იერუსალიმელი აზუსტებს, წმინდა ელია და ენუქი ანტიქრისტიანულ ქვეყნებში იქადაგებენ, წმინდა იოანე კი კავკასიაშიო), მის ხელთაგან მიიღებენ სიკვდილს და ანტიქრისტე მათ სხეულებს „უბანთა ზედა" დაყრის; ასე იქნებიან სამდღე-ნახევარი, შემდგომ კი უფალი მკვდრეთით აღადგენს მათ და თავადაც მალე მობრძანდება დიდებით..

წმინდა იოანე არის - ერთგულების, სიმამაცის მოციქული. ჯვარცმისას უფალი ყველამ მიატოვა, ყველა განუდგა, მაგრამ წმინდა იოანე იდგა ცრემლმორეული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად, ჯვართან და უფლის ტკივილს იზიარებდა

უფალმა მას უდიდესი პატივი არგუნა - ჩააბარა თავისი საყვარელი დედა, მანაც ჯვარცმის შემდეგ შინ - სიონში წაიყვანა და არ განშორებია არასდროს წმინდა ქალწულს.

მოციქულთაგან ყველაზე დიდხანს იცოცხლა, სიკვდილის წინ, ღრმა მოხუცებულობაში, როდესაც სიარული აღარ შეეძლო, თავისი მოწაფეები საკაცით დაატარებნენ და იოანე ყველას მხოლოდ უფლის სიყვარულზე უქადაგებდა.

მისი დაწერილი სახარება ყველაზე სრულყოფილად გადმოგვცემს უფლის ცხოვრებას, უფლის სიდიადეს, მის ღვთაებრიობას

სიკვდილის წინ მოწაფეებს ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს. რამდენიმე დღის შემდეგ როდესაც გათხარეს მისი საფლავი, იქ აღარ იყო მისი სხეული, არამედ დედაღვთისმშობლის მსგავსად ხორცით აღვიდა ზეცაში.

უფალმა მოგვმადლოს სიყვარული იოანე მოციქულისა, უფალმა მოგვმადლოს სიბრძნე და ერთგულება იოანე მახარებლისა.

„წმინდაო იოანე - სიყვარულის მოწაფე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის''

როგორც ბრძანებს წმინდა ანდრია, „ნეტარ არს, რომელი არა იპოვოს მბრძოლ ღმრთისა მათ დღეთა შინა, არამედ დაიმარხოს სარწმუნოება იესუ ქრისტესი".

წმინდა იოანე მახარებელი გეწეოდეთ, უფლისმიერ სიყვარულს დაევანოს ჩვენს გულებში! ამინ!