EXCLUSIVE: „ვფიქრობ, სწორედ, ამ ადგილიდან დაიწყება მეორედ მოსვლა...“ - ლევან გოთუას აქამდე უცნობი ნაწარმოები და ღვთისმშობლის გამოცხადებით მიწაში ჩამარხული სალოცავის აღმოჩენა

სოფელი რეხა

რეხა - წალკის რაიონული ცენტრიდან ყველაზე დაშორებული სოფელია, რომელიც ბორჯომის რაიონის საზღვართან მდებარეობს. მოსახლეობის რაოდენობა 445. ქართველები 86 %, ბერძნები 13 %. რეხადან ბორჯომის რაიონის უახლოეს სოფელ გუჯარეთამდე მანძილი, 13-15  კმ-ია.

1795  წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ ძველი თრიალეთის მთლიანად აოხრების  შემდეგ, რეხა იყო ერთადერთი გადარჩენილი ქართული სოფელი.

რეხაში, გადმოცემით სოფლის გადარჩენის მიზეზიც იციან. გაუკაცრიელებული თრიალეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე, სადაც  მხოლოდ მგლებისა და  ტურების  ხმა ისმოდა,  მარტოდ დარჩენილი რეხის ქართველობა, სოფელს ტოვებდა და გადადიოდა უახლოეს  რაიონებში საცხოვრებლად.  

გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ 1925 წლის ივლისში წალკის რაიონის სოფელ რეხაში დიდი სასწაული მოხდა - ღვთისმშობლის გამოცხადებით აქ აღმოაჩინეს მიწაში ჩამარხული სალოცავი, შიგ წმინდანთა უხრწნელი ცხედრებით.

მათი ხილვისას, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნა მაშინ - ისინიც კი, ვისაც თანდაყოლილი პათოლოგიები ჰქონდა - ყრუ, მუნჯი, უსინათლო, ხეიბარი და ასე შემდეგ.. ამ სასწაულების მხილველი რეხელები სალოცავთან ათენებდნენ და აღამებდნენ.

მიუხედავად ყველაფრისა, სოფელში სიცოცხლე გრძელდებოდა. ხალხმა მაინც შეინარჩუნა ქართული ცნობიერება და ღვთის წყალობით, ამ  სოფელში, სიცოცხლე დღემდე გრძელდება.

ბევრი მკვლევარი თვლიდა, რომ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებს, ვერც რეხა გადაურჩა, მაგრამ უამრავი უტყუარი ფაქტია იმისა, რომ ამ სოფელში ცხოვრება არ  შეწყვეტილა, გამომდინარე  იმ მარტივი  მოსაზრებიდან, რომ გადმოცემით იცოდნენ ყველა მეზობელი ნასოფლარების ძველი სახელები და თითოეული სოფლის ეკლესიების შესახებ გარკვეული ინფორმაცია.

რეხელების გარდა, სხვა სოფლებში, არავინ არაფერი იცის ძველი თრიალეთისა და მისი ნასოფლარების  შესახებ. უზარმაზარი ტერიტორიის გაუკაცრიელების გამო, ურთიერთობა ჰქონდათ ძირითადად, ბორჯომის, გორის და სამცხე - ჯავახეთის მოსახლეობასთან.

„პრაიმტაიმი“ ამ სოფლის მკვიდრ, პროფესიით მათემატიკოს გულიკო საბაძეს დაუკავშირდა, რომელიც დღემდე იკვლევს მისი წინაპრების ისტორიას და რეხას შესახებ, საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა: 

ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთ თემებს თუ შევეხებოდი, მაგრამ მოხდა სასწაული, თვითონ მოვიდა ჩემთან. რომ იცოდეთ, ჩემ თავს რა სასწაულები ხდებოდა, რაც სხვათა შორის, დღემდე გრძელდება.

ამ მასალების მოძიება, 2013 წლიდან დავიწყე, იმიტომ კი არა, რომ მინდოდა, მე ეს დამევალა.

- მოგვიყევით, როგორ დაიწყო ყველაფერი...

ამ თემაზე, 100 -გვერდიანი წერილი მაქვს დაწერილი, დოკუმენტური მასალებით და ინფორმაციებით, რაც მასალები რომ მოვიძიე, ერთ დღე-ღამეში დავასრულე, მიუხედავად იმისა, რომ არც ფილოლოგი ვარ და არც ისტორიკოსი, პროფესიით მათემატიკოსი ვარ.

ბოლო ხანებია, ყველაფერს თავი დავანებე და ამ საქმით დავკავდი. უამრავი მასალა მაქვს, ადრე ჟურნალში „ფენომენი“ იბეჭდებოდა.

მხოლოდ, რამდენიმე ხნის წინ გავიგე, რატომ ხდებოდა ჩემ თავს, ასეთი განსაცდელები. ჩვენ სოფელ რეხაში, უამრავი სალოცავია, დღემდე საიდუმლოებებით მოცული. ბევრმა, ისიც კი არ იცოდა, რომ წალკაში ქართველები ცხოვრობდნენ.

დავიბადე წალკაში, სოფელ რეხაში, მაგრამ ამჟამად, თბილისში ვცხოვრობ. 80 -იან წლებში დავამთავრე უნივერსიტეტი და აქ გადმოვედი საცხოვრებლად. რაც დღეს ხდება და რა ინფორმაციებიც სოციალურ ქსელში არის გამოქვეყნებული, ადრე არ მჯეროდა.

ეს ამბავი, 1925 წელს მოხდა. თომა საბაძე ჩემი დიდი  ბაბუა იყო, დედაჩემის  ბიძა. წალკაში ბევრჯერ მიმიწვიეს, აქ ჩამოსახლებული ქართველები არიან, რომლებმაც ამ კუთხის შესახებ, არაფერი იციან.

მათ სოციალურ ქსელში, გვერდიც აქვთ, ვცდილობ, ინფორმაცია მივაწოდო და ხშირად, კომენტარებს ვწერ. ერთხელ მთხოვეს, ჩამოდი, ლექცია ჩაგვიტარეო. თავიდან უარი ვუთხარი, არ მაქვს გამოცდილება-მეთქი.

სპეციალობით, პროგრამისტი ვარ და ისტორიულ თემაზე, გამიჭირდება-მეთქი.  ბოლოს დამითანხმეს, ბრწყინვალე ინტერვიუ გამოვიდა - 2 საათში მოქცეულია, მთელი სოფლის ისტორია.  თომა, გვარად საბაძე იყო.

- საიდან მოდის ამ გვარის ისტორია?

დარწმუნებული ვარ, არც გსმენიათ ედ გვარი. სასწაული ისტორია აქვს, მესხური გვარია. დოკუმენტები მოვიძიე და აღმოვაჩინე, რომ ჩვენი წინაპრები, სასულიერო პირები იყვნენ.

თურქეთთან ახლოს ცხოვრობდნენ და ერთ ღამეში გაწყვიტეს. სამი ძმა გადარჩა და როგორც აღმოვაჩინე, იმ სამი ძმის შთამომავლები ვართ.

ამ გადმოცემის და ჩემს მიერ მოძიებული მასალებით ირკვევა, რომ ჩვენ ვართ, სწორედ, იმ საბაძეების შთამომავლები, უფრო სწორად, იოანე საბანიძის. როგორც ვიცი, ხანძთადან ვართ, ერთ-ერთ მეცნიერს ველაპარაკე და მთხოვეს ლექცია წამეკითხა.

ჩვენი წინაპრებიც, ხანძთადან არიან. არქივის მასალებში წერია, რომ თურქეთში მცხოვრები მართლმადიდებლები, შუა საუკუნეებში, ერთ ღამეში გაუწყვეტიათ.

გადმოცემის თანახმად, სამი ძმა გადარჩა, რომელიც ბებიამ გადაარჩინა და ჩამოასახლა სოფელ ხეოთში, სადაც ააშენა ეკლესია, რომ გვარი გადაერჩინა. ახალციხის  რაიონის  ხეოთი - მეორე, ჩემი  წინაპრების  სამშობლოა.

ფოტოზე  მონიშნული სოფელი - თურქეთის  ტერიტორიაზე მდებარე სოფელი ხეოთია.

ასე გამრავლდა ეს გვარი და რამდენიმე ხანში, იქიდან სოფელ რეხაში გადმოსახლდა. ახლახან აღმოვაჩინე, რომ ძველ თრიალეთში არსებობდა ორი სოფელი, ორივეს სახელი - საბა.

მოვიძიე, რომ სადაც სოფელი საბა არსებობდა, 1721 წლის აღწერით, ნამდვილად ცხოვრობდნენ საბაძეები, მაგრამ აღა-მაჰმად-ხანმა გაწყვიტა, როგორც გავარკვიე, ამ ხანძთელების შთამომავლები ვართ.

წმინდა სალოცავებზე, რომელიც მიწაშია ჩამარხული, უამრავი მასალა მაქვს მოძიებული. გადმოცემით ვიცოდი, ვინ იყო თომა პაპა.

სოფელში უხუცესი ადამიანები ჩავწერე, რომლებიც დაიკარგა და სამწუხაროდ, ამ მასალებს, დღემდე ვერ ვპოულობ. ძალიან საინტერესო ამბებს ჰყვებიან. ერთ-ერთი რესპონდენტია, თომა პაპას ბიძაშვილი, რომელიც ქიზიყში ცხოვრობდა, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე.

ამ ქალბატონს, ყველაფერი ახსოვდა, თომა პაპას შესახებ. მის სალოცავზე, უამრავი მასალა აღმოვაჩინე არქივში. ამის შემდეგ დავიწყე ამ კუთხის შესახებ, ინფორმაციების მოძიება.

ბევრი სასწაულები ხდებოდა ჩემ თავს. დავიწყე ძიება და სწორედ იმ დროს, ჩემ სახლში ისეთი სასწაული მოხდა, მივხვდი, რომ ეს დავალება, „ზევიდან“ იყო.

ჩემი ოჯახი, ტრადიციულად, ძალიან მორწმუნეა, მასალები რომ მოვიძიე, სახლის კურთხევა გადავწყვიტე. დედაც ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო. მის ოჯახს, ძალიან დიდი ტრაგედია ჰქონდა გადატანილი. წერა-კითხვა არ იცოდა, თომა პაპას გამო, ძალიან დაისაჯა. სულ დევნიდნენ სკოლიდან, მაგრამ მთელი ბიბლია ზეპირად იცოდა.

თომა პაპა ამბობდა, მე რომ მოვკვდები, თქვენ რა გეშველებათ, თორემ მე მეოთხე ცაზე ვიქნებიო. მართლაც სასწაული მოხდა, თომა პაპას საფლავი რომ გათხარეს, ცარიელი დახვდათ.

მთელმა სოფელმა იცოდა ეს ამბავი, მე დიდხანს არ მჯეროდა. თომა პაპა, დედაჩემის ბიძა იყო. დედაჩემიც საბაძე იყო. მამაჩემის ბიძა ალექსანდრე საბაძე იყო, რეხაში თუ რამე ქართული ხდებოდა, მისი დამსახურებაა. სასულიერო პირი იყო.

- გამოდის, რომ მშობლები ერთი გვარის იყვნენ...

დიახ, ასე გამოდის. რეხაში, მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენ, მათ შორის საბაძეების სამი შტოს წარმომადგენლები. ბოლშევიკები რომ შემოვიდნენ, სამცხე-ჯავახეთთან ურთიერთობა ჩაიკეტა.

ხალხი თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებოდა, ამიტომ რეხაში რძალი, მხოლოდ ჯავახეთიდან მოჰყავდათ. გარშემო ცხოვრობდნენ ბერძნები, სომხები, თათრები, ოსები მაგრამ ქალი მხოლოდ ჯავახეთიდან მოჰყავდათ.

ყველაზე მეტი რეხაში საბაძეები ცხოვრობდნენ. მამა გიორგი დარჩია, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ გაუშვა რეხაში. მამა გიორგიმ, ეკლესიაში არსებული ჩანაწერები შეისწავლა და თვითონ აკურთხა მიწა - ვის შორის შეიძლება ყოფილიყო ქორწინება, წიგნიც კი დაწერა ამაზე.

ეს წიგნი, ბერძნებმა მოიპარეს და დაიკარგა. ამ სოფლიდან არის საბაძეების სამი შტო - ქიტესაანთ, საბოანთ და მაქსიმეანთ საბაძეები. მაქსიმეანთ საბაძეებს ჰქონდათ კურთხევა, ექორწინა ქიტესაანთ საბაძეებთან.

ამ ეტაპზე, წალკის მერიც ილია საბაძეა, რომელიც მაქსიმეანთ საბაძის შტოდან არის, მეუღლე კი ქიტესაანთ საბაძიდან.  

თომა პაპას სულ დევნიდნენ, მეტეხის ციხეშიც ჩააგდეს. მასთან ერთად, მსახურობდა მამა გიორგი დარჩია.  

სოფელ რეხაზე ისტორია, რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზღვარგარეთიდან ბევრი ქართველი ემიგრანტი გამოგვეხმაურა და ფონდის ჩამოყალიბებაც კი შემოგვთავაზა. სოფელ რეხაში, ძალიან ბევრი წმინდა ნაწილია მიწაში ჩამარხული.

ერთ დღეს თომა პაპას ღვთისმშობელი გამოეცხადა, სადაც გლეხის საძოვრები იყო, ჩაეძინა და ხილვა ჰქონდა. ღვთისმშობელმა მინიშნება მისცა, ეს ადგილი გათხარეო. რომ გაიღვიძა, თავიდან ყურადღებას არ აქცევდა. რომ არ დაუჯერა, მეორედ გამოეცხადა და დასაჯა.

უხუცესები იხსენებდნენ, რომ ბავშვობაში ძალიან ლამაზი ყოფილა, სანამ სახე დაეწვებოდა.

- რაში მდგომარეობს, რომ დასაჯა...

პირველად რომ არ მიაქცია ყურადღება, მეორედ გამოეცხადა ღვთისმშობელი  და უთქვამს, შენ დაისჯები და ნიშანი გექნება თავზეო. ეს ყველაფერი გაზეთ „კომუნისტში“ იბეჭდებოდა.

მისი ჩვენება წავიკითხე - სახლში ვიჯექი, საჭმელი იხარშებოდა, ქვაბი აიწია და გადმომესხაო. ამის მერე, დედაჩემის მამამ, რამდენიმე კაცი შეკრიბა სოფლიდან და წავიდნენ იმ ადგილის გასათხრელად, სადაც ღვთისმშობელმა მიანიშნა. ვინც ეს ადგილი გათხარა, მათი სიაც კი მოვიძიე არქივის მასალებში.

გათხრების დროსაც, ბევრი სასწაული ხდებოდა. ამის შესახებ, უამრავი ინფორმაცია და ვიდეო მასალები მაქვს. არ გეგონოთ, რომ მე ვეძებდი, თავისთავად მოდიოდა ყველაფერი.

ამბობდნენ, გათხრების დროს, მიწის ქვეშიდან, ზარების ხმა ისმოდა. თავად ღვთისმშობელიც კი გამოეცხადა, თომა პაპა ეუბნებოდა თურმე, დაიჩოქეთ, ღვთისმშობელი მოდისო!

ამ დროს ჯავახეთის მხრიდან, კაშკაშა შუქი მოდიოდა. ზოგჯერ, მიწაც კი ირყეოდა. ამ ყველაფერს დედაც მიყვებოდა-ხოლმე, მაგრამ არ მჯეროდა. რამდენიმე ხნის წინ, 96 წლის მოხუცის ქალიშვილს შევხვდი ახალციხეში სრულიად შემთხვევით, სუფრაზე ჩემ ნათესავთან.

თვითონ გამიმხილა, რომ მამამისი ცოცხალია, ახალციხეში რეხადან გადასახლებულა 1944 წელს და ბევრი რამე ახსოვსო. კითხვები მე თვითონ დავუწერე და ვთხოვე, პასუხი ვიდეოთი გადაეღოთ და გამოეგზავნათ. მისი ნაამბობი, ვთხოვე შვილებს, ჩაწერეს და გამომიგზავნეს.

ამბობს, რომ მამაჩემი, ამ გათხრების მონაწილე იყოო. ერთხელ თომა პაპა გამოვიდა, იმ ადგილიდან, სადაც ქვა ჯვარი აღმოაჩინეს და დაიყვირა, ხალხნო დაიჩოქეთ, ღვთისმშობელი მობრძანდებაო!

ყველამ დაიჩოქა, სასწაული ხმები ისმოდა ზეციდან, ხალხი ვერ ხედავდა, მაგრამ ღვთისმშობელი, თავად თომა პაპას ელაპარაკებოდაო.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი ბედის მომავალზე, ყველა ქართველმა იმ ადგილას უნდა ილოცოს. როცა დავინტერესდი ამ ისტორიით, აღმოჩნდა, რომ თურმე ასეთი სასწაულები არა მარტო რეხაში, წალკის სხვა სოფლებშიც ხდებოდა.

აღმოჩენილი იქნა, უხრწნელი გვამები, რომლის შეხებაზე ყველა იკურნებოდა. თომა პაპას ბიძაშვილი მიყვებოდა, ხალხი რომ მოდიოდა, იქვე იკურნებოდა, 80 წლის მოხუცსაც კი, რომელიც დაბადებიდან ბრმა იყო, იქვე აეხილა თვალი.

ადამიანებს, თუ რამე სიმდიდრე ჰქონდათ, ყველაფერს ტოვებდნენ, უამრავი ოქრო-ვერცხლი. მამა გიორგის უთქვამს, შევაგროვოთ და დიდი მონასტერი ავაშენოთო. როგორც ვიცი, შეწირული  ძვირფასეულობა თომა  პაპას  ბიძაშვილის -  ელიზბარ საბაძის ოჯახში იმალებოდა.

ეს მითხრა, სწორედ,  ქიზიყში მცხოვრებმა ელიზბარის ქალიშვილმა დარეჯან საბაძემ. ის დღესაც ცოცხალია, 96 წლის არის, მაგრამ უკვე არაფერი ახსოვს. მისი საუბარიც ჩაწერილი მაქვს. 

ეს ისეთი სიწმინდე იყო, ვერავინ მიეკარებოდა. სამწუხაროდ, კომუნისტებმა გაძარცვეს, ყველაფერი წაიღეს. დედაჩემი ამბობდა, რა მოხდებოდა, ერთი რაღაც მაინც შეგვენახა, ჩვენ თუ არა, ვინმეს მაინც დარჩებოდა სამომავლოდო.

ამის შემდეგ, ეს ხალხი დააპატიმრეს და ფილიპე მახარაძეს მიუყვანეს, უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ სასწაული მოხდა, ვერ დახვრიტეს. მეტეხის ციხეში სასწაულები ხდებოდა.

თომა პაპაც ვერ დახვრიტეს, გამოუშვეს, მაგრამ ხალხთან ურთიერთობა აუკრძალეს. ერთ-ერთი ნათესავი, სახლის სხვენში მალავდა. ყველასგან გარიყეს, სიცივეში და ყინვაში ცხოვრობდა, ამბობენ სალოსი იყოო.

მამა გიორგის მთელი ისტორია მოვიძიე, გაზეთში წავიკითხე, რომ თომა პაპას უფლებას აძლევდა, წირვა ჩაეტარებინა. ამ კაცმა წერა-კითხვა არ იცოდა.

მამა გიორგი დარჩია, ათონელი ბერი იყო. რეხაში, სულ მოგზავნილი მღვდლები მოღვაწეობდნენ, რომლებიც ქართულად საუბარს კრძალავდნენ, ბევრს გვარები გადაუკეთეს.

აღმოვაჩინე, რომ პაპაჩემის ძმა, ალექსანდრე საბაძე, გიორგი მაზნიაშვილის მეგობარი იყო, ახალქალაქი, ერთად გაათავისუფლეს.

როცა ალექსანდრე რეხაში შემოვიდა, ტექსტი შეადგინა და საპატრიარქოს გაუგზავნა - გთხოვთ, ქართველი მღვდელი გამოგვიგზავნეთო! წერილს, 100 კომლი აწერდა ხელს.

ძირითადად, სულ ბერძნები იყვნენ და ხალხი, ამის გამო ძალიან წუხდა. დამოუკიდებლობა რომ მოვიპოვეთ, ამბროსი ხელაიას ბრძანებით, რეხაში მამა გიორგი დარჩია გამოუგზავნიათ.

მის მოღვაწეობაზე, მოკლე ბიოგრაფია მოვიძიე. ალექსანდრეს ძმა, პაპაჩემი, ვასილ მარკოზის ძე საბაძე, 1937 წელს დაუხვრეტიათ. ეს ინფორმაციაც, ახლახან მოვიძიე, გვეუბნებოდნენ, ციმბირში გადაასახლეს, რუსი ცოლი მოიყვანა და იქ დარჩა საცხოვრებლადო. თურმე ადგილზე დაუხვრეტიათ.

- რეხაში მომხდარი სასწაულები...

1998 წელს რეხიდან 5 კმ -ის დაშორებულ სოფელ ავრანლოში( ძველი ქართული სოფელი თეზი) ვიყავით წირვაზე მამა მირიანთან (ნარიმანიძე) და იქ შევხვდი ანა სოტიროვას, რომელმაც გაგვაცნო მათ მიერ აღმოჩენილი ჩამარხული სალოცავი. 

პეტრე-პავლობის მარხვა იყო. მოხდა ისე, რომ ვერ ვეზიარე. პარასკევი დღე იყო, ვიფიქრე, არა უშავს, კვირას მეზობელ სოფელ ავრანლოში ვეზიარები-მეთქი.  

მე და ჩემი მეგობარი მერი სხირტლაძე მამა მირიანს ქართულად რომ ვესაუბრებოდით,  მოგვიახლოვდა  ერთ-ერთი ქალბატონი - ანა  სოტიროვა,  თბილისელი  ქართველები ვეგონეთ, არ გავუმხილე, რომ რეხელი ვიყავი და გვეუბნება - წამოდით  ერთი  სალოცავი  უნდა  გაჩვენოთ,  უძველესი ქართული სალოცავი, რომელიც ჩვენ აღვადგინეთო. თქვენ  ქართველები ხართ და სწორედ, თქვენი  მისახედიაო. მაშინ მოგვიყვა მისი ისტორია.

ძველი ქართული სოფელია თეზი, სადაც 18 სალოცავია. წირვაზე რომ მივედით, ქართველი მღვდელი, მამა მირიანი დაგვხვდა. ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა, დედაჩემი, მისი სულიერი შვილი იყო და სულ გვერდში ედგა.

წირვის დასრულების შემდეგ, ერთი ქალი მოვიდა ჩემთან, ადგილობრივი ბერძენი ანა სოტიროვა, რომელიც ექთნად მუშაობდა. არ იცოდა ქართველები რომ ვიყავით, გვთხოვა, წამომყევით, რაღაც უნდა გაჩვენოთო.

ერთ-ერთ სალოცავთან მიგვიყვანა, რომელიც მისი სახლის გვერდით იყო, ეს წმ. ნინოს სახელობის სალოცავიაო. აქ იყო ჩუქურთმიანი ქვები, წარწერები. სიზმარში ღვთისმშობელი გამოგვეცხადა და დაგვავალა, ეს ადგილი გათხარეთო. გათხრების შემდეგ აღმოვაჩინეთ, ეს წმინდა ნაწილებიო.

სახლში რომ დავბრუნდი, დავინტერესდი და ერთ-ერთ მგალობელ ქალს ვთხოვე, თუ რამე ისტორია იცი, ჩვენ სოფელზე, დამიწერე და გამომიგზავნე-მეთქი. ერთ თვეში გამომიგზავნა, იმ ჩანაწერებს, ახლაც ვინახავ.

- გაიხსენეთ, ბოლო დროის სასწაული...

რამდენიმე წლის შემდეგ, დაახლოებით 2013 წელს, რეხაში კიდევ ერთი სასწაული მოხდა. 7 წლის ბავშვს, რომელსაც უამრავი ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ვერ მეტყველებდა, ვერც დადიოდა, მწოლიარე იყო, ერთ-ერთი მცხოვრების რჩევით, თომას სალოცავზე წაიყვანეს.

თან მთელი სოფელი გაჰყვა. ორჯერ შემოატარეს ეკლესიას და მესამე შემოვლაზე, ბავშვმა ხმა ამოიღო, ამეტყველდა, პირველი წინადადება იყო - ნათლია მომიყვანეთო.

ეს ყველაფერი, ხალხის თვალწინ ხდებოდა და უამრავი თვითმხილველი ჰყავს. სოფელში რომ ჩავედი, გადავწყვიტე ეს ოჯახი მომენახულებინა.

ყველაფერი რაც მოხდა დამიდასტურეს და მას შემდეგ, კიდევ უფრო ვირწმუნე თომას სალოცავის ისტორია და გადავწყვიტე, ამ სალოცავის შესახებ, ყველანაირი ინფორმაცია მომეძიებინა.  ჩემი მშობლები სულ მიყვებოდნენ, მაგრამ არ მჯეროდა.

მეორე დღეს, ჩემი სახლის უკანა მხარეს მდებარე გორაკზე ავედი, მიყვარს იქ ასვლა, ულამაზესი ხედებია. ვხედავ, რომ უამრავი ოჯახი, უკვე აღარ ცხოვრობს და გადასახლებულია. შემეშინდა, რადგან გაგებული მქონდა, რომ ლევან გოთუას, აქვს ნაწარმოები, რომელიც რეხას მიუძღვნა.

- რა ნაწარმოებია...

ეს ნაწარმოები, არ არის გამოქვეყნებული. მამასგან ვიცოდი, ამ ნაწარმოების შესახებ. მითხრა, რომ ალექსანდრე საბაძეს, მამამისს მიუძღვნა. მამა 1978 წელს გარდაიცვალა, ეს ამბავი სიკვდილის წინ გამიმხილა, იმ პერიოდში აკრძალული იყო გოთუას ნაწარმოებები.

სულ ვეკითხებოდი ყველას ამ ნაწარმოების შესახებ, მაგრამ არავინ იცოდა. ვიფიქრე, რომ მამა ცდებოდა. 1990 წელს, ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა ლევან გოთუას და-ძმის, თამარ და ალექსანდრე გოთუების წერილები, ლევან გოთუას შესახებ, ბიოგრაფიული მონაცემები.

პირველად, სწორედ ამ ჟურნალში წავიკითხე, რომ ლევან გოთუას წალკის სოფელ რეხაზე, დაწერილი ჰქონდა ნაწარმოები „ჩაძირული სოფელი“.

- სად შეიძლება ამ ნაწარმოების ნახვა?

არქივში მოვიძიე და მაქვს ეს ნაწარმოები, მაგრამ არსად არ არის გამოცემული. ნაწარმოების სათაურიდან გამომდინარე, დავინტერესდი ამ სოფლის ისტორიით. ყველაფერი ერთ დღეში მოხდა.

დილით, 90 წლის ბიძაშვილი, მიშიკო მესტუმრა, რომელიც ძალიან მიყვარდა, ცოცხალი ენციკლოპედია იყო. საუკეთესო მოსაუბრე, საოცრად მეტყველებდა. აკაკი წერეთლის თორნიკე ერისთავი, ზეპირად იცოდა.

რომ დამინახა, ტირილი დაიწყო - ნუთუ ისე უნდა გავიდე ამ ქვეყნიდან, პაპაჩემის ამბავი, ვერ გავარკვიოო. ეს იყო საყვედური, მისი მხრიდან, რას აკეთებ თბილისში რომ ხარ, ეს ამბავი არ უნდა გამოიკვლიოო? მეც ავტირდი და შევპირდი, მე ამ ამბავს გამოვიკვლევ-მეთქი.

ჩემი ახლობლის მამა ძალოვან სტრუქტურაში მაღალჩინოსანი იყო. დავურეკე და ვთხოვე, პაპაჩემზე იქნებ რაიმე ინფორმაცია მოიძიო-მეთქი.

რას ამბობ, მთელი საბუთები განადგურებულიაო. მეც დავუჯერე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე და დავიწყე საბუთების მოძიება. ეს მოხდა 2013 წელს. 6 სექტემბერს ჩამოვედი თბილისში და დავიწყე გამოძიება. გადავწყვიტე სახლის პრობლემები მომეგვარებინა და დალაგება გადავწყვიტე.

11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, რომელსაც დედაჩემი სულ ინახავდა მარხვას, სულ ამბობდა, ამ დღეს ჩიტიც კი არ გაიფართხალებსო. ვიფიქრე, ტაძარში წავალ წირვაზე, ვეზიარები და ამ საქმის კურთხევას ავიღებ-მეთქი მოძღვართან.

ისეთი რამე მოხდა, გაგიკვირდებათ, მამაოს მოვუყევი, დილით სანთელი ავიღე და კარებში რომ გავდიოდი, ფეხი გამიშეშდა და ვერ გადავდგი. ოფლმა დამასხა, ისეთი სისუსტე ვიგრძენი, სკამზე ჩამოვჯექი. ვერ წავედი, სანთელი ავანთე და უფალს პატიება ვთხოვე.

სახლში წავიკითხე ლოცვები, ვიფიქრე ალბათ გადავიღალე-მეთქი და სავარძელში ჩავჯექი. ზურგით აღმოსავლეთისკენ. მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ, უცებ ოთხივე კედელი გაიხსნა და ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდი.

ამ დროს, თავზე დამადგა უფლის უზარმაზარი ქანდაკება. ეს სასწაული, არასდროს დამავიწყდება. უცებ მარჯვენა ხელი მაღლა ასწია და ორი თითის კომბინაციით, რაღაც მიმანიშნა. თან თავიდან ბოლომდე, ბრწყინავი სამოსელი ეცვა.

რომ ავიხედე და დავინახე, თავი დავხარე, ვერ ვბედავდი თავის აწევას და მხოლოდ უფლის კალთებს ვუყურებდი. უცებ ეს ქანდაკება დაიძრა და დიდი სისწრაფით წავიდა აღმოსავლეთისაკენ. მიქრის დიდი სისწრაფით და უცებ, აღმოვჩნდი უსასრულო სამყაროში, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც ვიდექი, ჩემ მეგობრებთან ერთად.

ყველა გაკვირვებული ვუყურებდით, როგორ მიფრინავდა უფალი, აღმოსავლეთისკენ. ამ მეგობრებიდან, მხოლოდ დადა-შვილი დამამახსოვრდა, მარინა, რომელიც მორწმუნე ადამიანია, თავის შვილთან ერთად.

უცებ 180 გრადუსით შემოტრიალდა, იმ ხელით, რომელიც აწეული ჰქონდა, მკვეთრად აამოძრავა და ჯვარი გადაგვსახა. ისე შემეშინდა, ფეხზე წამოვხტი, და ღმერთო ჩემო, ნეტავ ეს რას ნიშნავს-მეთქი.

სწორედ, მარინა გახდა მიზეზი, რომ ლევან გოთუას ნაწარმოები -  „ჩაძირული სოფელი“ მომეძიებინა. 12 საათზე ტელეფონის ზარი გაისმა, ავიღე და ერთ-ერთი ჩემი ყოფილი მეზობელი, სქემ-მონაზონი დედა ანა (ერში გულიკო დათიაშვილი) შემრჩა, რომელიც ქარელის ერთ-ერთ მონასტერში მსახურობდა.

დედა ანას ხმა რომ გავიგე, გამიხარდა, რაღაც უნდა გითხრათ-მეთქი. არც მომისმინა. მხოლოდ, ეს სიტყვები მითხრა - ბავშვო, დაწერე ყველაფერი შენ სოფელზე. უფალმა უკვე მოგცა კურთხევა, არსად არ წახვიდეო. მივხვდი, რაშიც იყო საქმე.

მეორე დღესვე, უშიშროების არქივში წავედი, შევიტანე განცხადება, პაპაჩემის შესახებ მასალები რომ მომეძიებინა, მერე წავედი საჯარო ბიბლიოთეკაში და 1926 წლის ნოემბრის თვის გაზეთ „კომუნისტში“ დაბეჭდილი მასალა ამოვიღე.

ამის შემდეგ, ლევან გოთუას ნაწარმოების ძებნა დავიწყე და ჟურნალ „საქართველოს ქალში“ დაბეჭდილი მასალა აღმოვაჩინე. მაინც სულ ეჭვებში ვიყავი, იქნებ, ეს ყველაფერი სიზმარი იყო და არ უნდა დავიჯერო-მეთქი.

ჟურნალი რომ გამოვიტანე, სადაც ლევან გოთუას ნაწარმოებზე წერდნენ, ამ სტატიის გარდა, ჟურნალში შემთხვევით აღმოვაჩინე მიტროპოლიტ კონსტანტინე მელიქიძის წერილი სიზმრებზე - ეგრევე გამეცა პასუხი. წერდა, სიზმრები მხოლოდ ეშმაკის არ არისო.

იმ პერიოდში, როცა ამ მასალებს ვეძებდი, აბსოლუტურად მართული ვიყავი, თითქოს, უფალი პირდაპირ მიკარნახებდა და სწორ გზაზე მაყენებდა.

ერთ დღეს ქაშუეთის ეკლესიაში მივედი, ვიფიქრე, მოვილოცებ და მერე საჯარო ბიბლიოთეკაში წავალ-მეთქი. ტაძარში, ჩემი მეგობარი მარინა დამხვდა, რომელიც გამომეცხადა და უფალმა ჯვარი გადაგვსახა.

რომ დამინახა, მთხოვა, არ წახვიდე საჯაროში, სკოლაში  დირექტორმა დამიბარა და მარტო წასვლა არ მინდაო. რომ მივედით, დირექტორი მასწავლებლებს, თავისი მოგზაურობის შესახებ ამბავს უყვებოდა.

ეს მართლაც, სასწაული იყო. აღმოჩნდა, რომ ყოველ ზაფხულს, თავის მოსწავლეებს საქართველოში ამოგზაურებდა და კულტურულ ძეგლებს აცნობდა.

ამჯერად, ახალციხის რაიონში ყოფილან. დავჯექი და მოსმენა დავიწყე. ჰყვება, რომ მოსწავლეები სოფელ ხეოთში ჰყავდა, რომელიც ჩემი წინაპრების სამშობლოა. იცით, ხეოთი ჩემი წინაპრების სამშობლოა-მეთი, ვუთხარი.

რას ამბობ, ახლა სად ცხოვრობო. წალკის რაიონ სოფელ რეხაში მეთქი. წამოხტა ფეხზე  და მეუბნება, შენ იცი, რომ შენი თავი უფალმა გამომიგზავნაო. შენ იცი, რეხაში რა არის, შეგიძლია წამიყვანოო?

რა თქმა უნდა-მეთქი, ვუპასუხე. მე ვუთხარი, თქვენ იცით, ლევან გოთუამ რეხას ნაწარმოები რომ მიუძღვნა „ჩაძირული სოფელი“-მეთქი? არაო მიპასუხა.

ლევან გოთუა ჩემი ნათესავი იყო, თუ მართალია ეგ ინფორმაცია, აუცილებლად მოვიძიებ და მოგიტანო. სწორედ, ამ ქალბატონმა მომიტანა ეს ნაწარმოები. ეს, მართლაც სასწაული იყო, ოჯახს არ მოეპოვებოდა, არქივში მოიძია და მომიტანა.

- სად არის ახალა ეს ნაწარმოები, არსებობს?

რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ საპატრიარქოს ტელევიზიას ვათხოვე და იქ დარჩა. რეხაზე უამრავი ინფორმაცია მოვიძიე - ბევრმა არ იცის, სამხრეთ საქართველოში, 1918 წელს, ფაქტობრივად რუსეთის ხელშეწყობით მოხდა, მართლმადიდებელი ქართველების გენოციდი. ეს არავინ იცის.

პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა ლენინი ომიდან გამოვიდა, რუსის ჯარში ბოლშევიკები მოვიდნენ და წარმოიდგინეთ, რას უშვრებოდნენ რუსები იქ მცხოვრებ ქართველებს.

საშინელი სისასტიკით ექცეოდნენ, ტერორი და გენოციდი მოუწყვეს, მერე ეს მაჰმადიანი ქართველები, მართლმადიდებელ ქართველებზე გაბრაზდნენ, რადგან მაშინ რუსეთის მხარეს წარმოვადგენდით. ამ დროს თურქეთიდან ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ქართველი წამოვიდა, რომელსაც გენოციდი მოუწყვეს.

სამცხე ჯავახეთიდან 100 000 კაცი გამოიქცა, რომლებიც სოფელმა რეხამ შეიფარა.

საპატრიარქოს ტელევიზიაში სასულიერო პირმა, მღვდელმა გიორგი მაჩურიშვილმა დამარეკინა, რომელიც ამ ეტაპზე, თიანეთში მოღვაწეობს.

სწორედ, მაშინ მივიტანე ეს ნაწარმოები და დღემდე ვერ მოვახერხე გამოტანა. ძალიან ბევრი გვარია სამცხე-ჯავახეთიდან, ბევრმა არ იცის მისი გვარის წარმოშობის ისტორია.

მაისურაძეები, კაპანაძეები მესხეთიდან გადასულები არიან, კაპანი ჯავახური სიტყვაა, ძირითადად,  იმერეთში გადასახლებულები არიან.

რამდენიმე ხნის წინ, არქეოლოგი გოდერძი ნარიმანაშვილი დამეკონტაქტა, რომელმაც თრიალეთის შესახებ, წიგნი დაწერა, შემთხვევით დავეკონტაქტე და თომა პაპას და ავრალოს სალოცავების ისტორია გავაცანი.

საშუალება რომ იყოს, ამ ადგილებს, აუცილებლად გავთხრიდიო, მითხრა. ეგ მართლაც გასათხრელია, რომ ამბობენ,- „დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა“(იოანე ზოსიმე: ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ) ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ადგილიდან დაიწყება მეორედ მოსვლა.

ძალიან საინტერესოა, სად წავიდა ის გვამები, რაც თომას სალოცავის გათხრის დროს ვერ აღმოაჩინეს. ბევრი კვლევის შემდეგ, დავადგინე ამის შესახებ, ზუსტი ინფორმაცია, რასაც შემდეგ მოგიყვებით, ამიტომ ძალიან მინდა, რომ ეს ადგილი ბევრმა ადამიანმა მოილოცოს, ეს მხოლოდ, მეასედი ნაწილია იმისა, რაც უკვე მოვიძიე.