ნინო წილოსანი პრემიერის ღია წერილზე: გამოვხატეთ აღშფოთება - როდესაც ვხედავთ, როგორი ბრუტალური ფორმით ეპყრობოდნენ დანიაში პოლიციელები დემონსტრანტებს, ეს მინიმუმია, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა

ნინო წილოსანი

"ჩვენ სრულებით ობიექტურად გამოვხატეთ აღშფოთება" - ამ განცხადებით აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ევროკავშირის ლიდერების მიმართ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილით მიმართვას ეხმაურება, სადაც კოპენჰაგენში მიმდინარე მოვლენების შეფასება სთხოვა.

ნინო წილოსანი ამბობს, რომ მეგობრები და პარტნიორები საქართველოსთან ურთიერთობისას ორმაგ სტანდარტს მიმართავენ ხოლმე.

პრემიერ-მინისტრის ღია წერილი სწორედ იმ ტაქტიკის გამოყენებაა ჩვენი მხრიდან, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები არასწორად იყენებდნენ საქართველოსთან მიმართებით. თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულებით ობიექტურად გამოვხატეთ აღშფოთება. რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც სრულებით ორმაგი სტანდარტი აქვთ დამკვიდრებული და საქართველოსთან მიმართებით პოლიციის მხრიდან საკმაოდ მაღალ დონეზე მართული დემონსტრაციები იყო ყველაზე დიდი კრიტიკით დაგმობილი, ვფიქრობ, რომ ეს მინიმუმია, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, როდესაც ვხედავთ, თუ როგორი ბრუტალური ფორმით ეპყრობოდნენ დანიაში პოლიციელები დემონსტრანტებს," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ საუბრობენ დანიაში განვითარებულ მოვლენებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევასა და ამ ყველაფერზე ევროპის დუმილზე. ევროკავშირის ლიდერებს ღია წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ მიმართა - მათ კოპენჰაგენში მიმდინარე მოვლენების შეფასება სთხოვა.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა კოპენჰაგენში მიმდინარე აქცია ძალადობრივად, ხელკეტების, ძაღლებისა და ბრუტალური მეთოდების გამოყენებით დაშალეს.