რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას რუსეთიდან დიზელისა და საავიაციო საწვავის იმპორტის აღდგენასთან დაკავშირებით თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

ლონდონმა დღეიდან სანქციები მოუხსნა რუსული ნედლი ნავთობის იმ პროდუქტებს, რომლებიც მესამე ქვეყნებშია გადამუშავებული. ეს შეზღუდვა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესდა. გარდა ამისა, ლონდონმა ლიცენზია გასცა რუსული წარმოების თხევადი ბუნებრივი გაზის საზღვაო გზით ტრანსპორტირებაზეც.

პაპუაშვილმა ბრიტანეთის ელჩთან დაკავშირებით გაიხსენა, როგორ მოითხოვდა იგი, რომ საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტები არ შემოსულიყო.

„ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები.

სწორედ ბრიტანეთის ელჩი პირადად დადიოდა სხვადასხვა კაბინეტში, მათ შორის პარლამენტში, პარლამენტის სხვადასხვა წევრთან, ითხოვდა შეხვედრებს, ხან ჩაიზე, ხან კაბინეტში, ხან როგორ და ნახევრად მუქარაშერეული ტონით ესაუბრებოდა იმაზე, რომ საქართველოში არ უნდა შემოსულიყო რუსული ნავთობპროდუქტები.

ამბობდა, რომ სანქცია აუცილებელი არ არის, ბიზნესზე ზეწოლა განახორციელეთ, რომ მათ არ შემოიტანონო.

ასევე, მას ეუბნებოდნენ, რომ თუ არ შემოვა ეს ნავთობპროდუქტები, გამოვა, რომ ბიზნესმა ნავთობპროდუქტები სხვა ბაზარზე უნდა მოიძიოს, რაც საქართველოში გააძვირებს ბენზინს, ბენზინის გაძვირება გააძვირებს პურს, ეს კი გააძვირებს სხვა რამეს და საბოლოო ჯამში გაძვირდება ცხოვრება. ამაზე მისი პასუხი იყო, რომ "რას იზამ, ჩვენს მოქალაქეებსაც გაუძვირდათ ცხოვრება, მეტს იხდიან და თქვენებმაც მეტი გადაიხადონ". ეს არის ბრიტანეთის მოქმედი ელჩის სიტყვების ციტატა.

და აი, დღეს ვიგებთ, რომ თურმე თავად ბრიტანეთმა გააუქმა სანქციები და რასაც ამბობდნენ, რომ რუსეთთან ვაჭრობა ნიშნავს საშუალებას, რომ ტანკები გამოუშვას და შემდეგ უკრაინელებს ესროლოს, მათივე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ტანკებისთვის უნდა მისცენ ფული.

ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიტანეთის მოქმედი ელჩისთვის, ალბათ საერთოდ გაწყდებოდა საქართველოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან. ჩვენ თუ არ შემოვიტანდით ნავთობს, ალბათ ისინი [რუსეთი] იტყოდნენ, რომ "ემბარგოს დავადებთ, დავასანქცირებთ ქართულ ღვინოს და არ შევიტანთ". ჩავვარდებოდით ეკონომიკურ კოლაფსში. აი, ასეთი ამორალურია სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკა", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.