Exclusive:„ვაჟას გარდაცვალებით, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს, ბოლო კავშირი დავკარგე ამ ფილმთან“- „მამლუქი ხვიჩა“ გოჩას ემშვიდობება

დავით დანელია (ხვიჩა) და ვაჟა ჯოჯუა (გოჩა) ფილმიდან „მამლუქი“

76 წლის ასაკში გარდაიცვალა  ქართული ფილმის, „მამლუქის“ გმირი  ვაჟა ჯოჯუა - პატარა გოჩა. ამის შესახებ ინფორმაცია, „პრაიმტაიმს“, მისმა მეუღლემ, იამზე კიკალიამ მიაწოდა.

ვაჟა ჯოჯუა 27 სექტემბერს, ალცჰაიმერის დიაგნოზით გარდაიცვალა. დაკრძალვა აბაშაში შაბათს, 1 ოქტომბერს გაიმართება.

1958 წელს, ვაჟა 11 წლის იყო, როდესაც ფილმ „მამლუქში“ გადაიღეს. „მამლუქი“ მისი ერთადერთი ფილმია, რომელშიც მონაწილეობა აქვს მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა.

მას შემდეგ, რაც ისტორიული ჟანრის ქართული ფილმის „მამლუქის“ ერთ-ერთი მთავარი გმირის, ხვიჩას - დავით დანელიას შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ, საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „პრაიმტაიმის“ მკითხველი მეორე „მამლუქის“, გოჩას მოძებნას ითხოვდა. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ეს თხოვნა შევუსრულეთ.

ფილმი „მამლუქი“ გადაღებულია სტუდია „ქართული ფილმის“ მიერ, რომელიც პირველად ეკრანებზე ზუსტად 60 წლის წინ, 1959 წლის 3 ნოემბერს გამოჩნდა.

მამლუქ გოჩას, იგივე ვაჟა ჯოჯუას, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, „პარაიმტაიმმა“ აბაშაში მიაგნო და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნი დავით დანელია, ზაფხულში საქართველოში იმყოფებოდა, სამწუხაროდ, „ხვიჩას და გოჩას“ შეხვედრა ვერ შედგა. მიზეზი, ბ-ნ ვაჟას ავადმყოფობა იყო. 

„პრაიმტაიმი“ „მამლუქის“ გმირ პატარა ხვიჩას - დავით დანელიას მოსკოვში დაუკავშირდა და სამწუხარო ინფორმაცია შეატყობინა:

დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ, რაც არ მინახავს. ზაფხულში ვიყავი ჩამოსული თბილისში და ძალიან მინდოდა შეხვედრა. აბაშაში ჩასვლასაც ვგეგმავდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან ცუდად იყო. 

მაგრამ თქვენი დახმარებით შევძელი, მასთან კონტაქტი. სამწუხაროდ, შეხვედრა ვერ  მოხერხდა. მხოლოდ ტელეფონზე ვესაუბრე, მაგრამ ვერ მიცნო.

ერთადერთი რაც მითხრა - ლოგინად ვარ ჩავარდნილი და ჩამოსვლას ვერ მოვახერხებო. გული მწყდება, რომ ისე გარდაიცვალა, ვერ ვნახე.  

მითხრეს, თებერვალში კოვიდი გადაიტანა და რამდენიმე თვეში ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს. მაინც დავურეკე, გოჩა დაღიანო, როგორ ხარ-მეთქი და ვფიქრობ, ვერ მიცნო. იმ მომენტში, მივხვდი, რომ მართლა ძალიან ცუდად იყო.

„მამლუქის“ გადაღებების დროს, დავმეგობრდით, როგორც ფილმში, ასევე ცხოვრებაში. ძალიან თბილი, მხიარული ბავშვი იყო. გული დამწყდა, ძალიან სამწუხაროა, რომ გარდაიცვალა. ამ ფილმის მონაწილეებიდან, თითქმის ყველა გარდაიცვალა.

ძალიან კარგად მახსოვს, მისი მეგრული აქცენტი, ამიტომ ფილმში, სხვა ბავშვი ახმოვანებს. რბილ „ლ„-ს ამბობდა  ხშირად. ფილმში ერთ-ერთი კადრია, სადაც ვეუბნები, რომ დილით ადრე უნდა შევხვდეთ და მოვა„ლ“ ხვიჩა მოვა„ლ“ო, მეგრული დიალექტით მითხრა.

- ფილმის „მამლუქი“ გადაღებიდან, თითქმის 64 წელი გავიდა...

ფილმში, თითქმის ყველა ქართველი ბუმბერაზი მსახიობი მონაწილეობს. მართლაც საოცარი გუნდი იყო. ძალიან უყვარს ეს ფილმი ყველას.

ჩემს 60 წლის იუბილეს, უცხოეთში, შევხვდი. ჩემმა მეუღლემ დამირეკა მოსკოვიდან, რუსეთის ერთ-ერთ არხზე „მამლუქი“ გადისო.

რატომღაც ზუსტად დაემთხვა თუ ვინმემ სიურპრიზი გამიკეთა, დღემდე არ ვიცი. ფილმი, რა თქმა უნდა რუსულ ენაზე გადიოდა და ვთხოვე ჩაეწერა, ამიტომ ამ ფილმის ორიგინალი მაქვს. იმის მერე 24 წელი გავიდა, იანვარში, უკვე 75 წლის იუბილე მაქვს.

- გეგმავთ, საქართველოში დაბრუნებას?

რატომაც არა, მაგრამ ბინის პრობლემები მაქვს, სანამ არ დასრულდება მშენებლობა, ვერ ჩამოვდივარ დიდი ხნით. 2008 წლიდან ველოდები, წელს ვიყავი ჩამოსული და შემპირდნენ, მომავალ წელს ჩაგაბარებთო.

ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ, თავის თავზე აიღო მშენებლობის დასრულება. სურვილი მაქვს, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთები აღარ იშოვება, თორემ დაკრძალვაზე, აუცილებლად ჩამოვიდოდი. 

ცხონებული ვაჟიკო! მისი გარდაცვალებით, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ბოლო კავშირი დავკარგე ამ ფილმთან.