1733258119
EXCLUSIVE: „მშვიდად ვუყურებ, ვიცი, რომ პროექტის დაწყება, მისი ხელდასხმით მოხდა“- ქართველი რეჟისორი მამა გაბრიელზე მხატვრულ ფილმს იღებს
„უწმინდესთან შეხვედრაზე რომ ვიყავი დამლოცა და მითხრა, აბა შენ იციო. ახლაც კარგად მახსოვს ის ინტონაცია, თურმე რამდენი ბრძოლა უნდა გადამეტანა, მაშინ ვერ მივხვდი მის სიტყვებს. თურმე მეუბნებოდა, აბა შენ იცი, თუ შენ ამას გაუძლებო... წინ 12 წლიანი ბრძოლა მელოდებოდა...“ - რეჟისორი კაჭარავა.
ქართველი რეჟისორი გიორგი კაჭარავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა - კურთხევით (2016 წლის 19 თებერვალი), კულტურის სამინისტროს და და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით იღებს მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმს „ბრძოლა - ბერი გაბრიელი“.
გია კაჭარავა არის რეჟისორი და ავტორი პოლიტიკური ტელესერიალის - „დიდების ზღაპარი". ავტორი რომანების - „განკითხვის დღე" და „პილატე და კაიაფა", წიგნების - „ვინ არის იესო ქრისტე", „ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა აღსრულება".
2007 წლის აპრილის თვეში რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) დააფუძნა საკუთარი კინოსტუდია "LILAYMA". გენერალური დირექტორი სტუდიების: „სინემაგია" და „გი ემ სინემა". თავისივე სცენარით გადაიღო ფილმები: „ბლუზი" (1994), „დონ ჟუანის დაბადება" (1995), „მაიტა ნასოსი" (ს. ჯაჭვლიანთან ერთად, 2010), „თოჯინების ქალაქი", „ბალანსი ანუ ჩაო ჯორდანო", „კაცი", „პრეზიდენტის არჩევანი". მისი მონაწილეობით შეიქმნა სცენარი ფილმისთვის "იასამანი" (ი. ჩაჩანიძე, დასრულებულია) და „ორმაგი სახე" (ლ. ანჯაფარიძე, 1997).
ბ-ნი გიორგი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს არის პირველი მხატვრული ფილმი მამა გაბრიელ აღმსარებელი -სალოსის (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, სცენარის მიხედვით, ფილმში მისი დაჭერის, წამების და ათასი უბედურების ფაქტებია:
12 წელია ამ ფილმის გადაღებისთვის ვიბრძვით. კონკურსზე მივიღეთ მონაწილეობა, ძალიან ობიექტურად შეირჩა ჟიურიც, როგორც კულტურის სამინისტრო, კინო ცენტრიც გვერდით დაგვიდგა. ეს იქნება პირველი ქართული მხატვრული ფილმი ბერი გაბრიელის ცხოვრების შესახებ და რიგით მეათე, ჩემს ფილმოგრაფიაში.
რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ შესარჩევი ტურები, მალე ბავშვების კასტინგსაც ვიწყებთ. სცენარის ავტორი თავად გახლავართ. სცენარის მიხედვით, ფილმში გამოყენებულია, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, მამა გაბრიელის ეპოქალური ფაქტები.
ცნობილია მამა გაბრიელის ცხოვრების ბოლო წლები, მაგრამ მისი წარსული, ცოტა ადამიანმა თუ იცის. 36 წლის ბიჭი იყო, როცა 1 მაისის დემონსტრაციაზე, ლენინის პორტრეტი საჯაროდ დაწვა.
ეს რას ნიშნავს, შეიძლება ახალმა თაობამ ვერ გაიგოს, მაგრამ ამის გაკეთება, იმ პერიოდში, საოცარი გამბედაობა იყო. ამ საქციელის გამო, მამა გაბრიელს უმაღლესი სასჯელი, დახვრეტა მიუსაჯეს.
ფილმის სცენარიც, სწორედ ამ პერიოდს ეხება, ძირითადი თემა მისი დაჭერის, წამების და ათასი უბედურების ფაქტებია. 12 წელია ამ ინფორმაციებს ვაგროვებთ, საკმაოდ ბევრი მოვიძიეთ.
- სავარაუდოდ, ფილმის გადაღებები ბერი გაბრიელის კელიაშიც იქნება...
ჩვენ არ ვეხებით წმინდანის ცხოვრების და მოღვაწეობის ბოლო წლებს, ამიტომ კელიაში გადაღება, საჭიროებას არ წარმოადგენს.
სცენარის მიხედვით, ფილმში წარმოდგენილი იქნება, როგორ და რა გზაზე დააყენა უფალმა, როცა გადაწყვიტა დაჰპირისპირებოდა ამ ბოროტებას, როგორ გაიარა ეკლიანი გზა, როგორ აწამებდნენ - ეს არის 60 -იანი წლების, ნიკიტა ხრუშჩოვის (1953 - 1964) ყველაზე მძიმე, გარდამავალი ეპოქა. ეს ის დროა, როცა ქრისტიანობის მოსპობას აპირებდნენ.
- არც დედა პარასკევა იქნება ფილმში მოხსენიებული?
მართალია ეპიზოდურად, მაგრამ სცენარში არის და ფილმშიც იქნება, ისევე როგორც სამთავროს დედები. ბევრმა ადამიანმა იცის მამა გაბრიელის სიცოცხლის ბოლო წლები, დოკუმენტური კადრებიც კი არსებობს, ამის ხელახლა დემონსტრირება, არ იქნება საინტერესო. ყველაზე მეტად, ჩემთვის საინტერესო მამა გაბრიელ სალოსის განვლილი ეპოქაა.
კარგად მახსოვს 60 -იანი წლები, სკოლაში „ბიტლზის“ ფოტო მივიტანე და კინაღამ „დამხვრიტეს“. ასეთ დროს, ლენინის პორტრეტს რომ შეხებოდი და თან დაგეწვა, ამას ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდებოდა.
ბევრმა ქვეყანამ იცის ბერი გაბრიელ სალოსის შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, მსოფლიოს მართლმადიდებლური ქვეყნები, უკეთ გაეცნობიან მისი ცხოვრების განვლილ წლებს. ძალიან რთული და მძიმე სურათია, მაგრამ საინტერესო.
- როგორც ამბობთ, ფილმი წმინდა გაბრიელის რეალურ ცხოვრებაზეა აგებული, როგორ შეძელით სრული ინფორმაციის მოძიება...
დიდი ხანია ამ თემაზე ვმუშაობთ, ყველა ფაქტი გადამოწმებული გვაქვს, ბევრმა ადამიანმა, ამბების გაზვიადებული მოყოლა იცის, ამიტომ ყველას ვერ ენდობი. უშიშროების ყოფილ თანამშრომლებთანაც კი გვქონდა შეხება, რომლებიც იცნობდნენ და ახსოვთ იმ პერიოდის ამბები.
- თუ საიდუმლო არ არის, ვინ არის მამა გაბრიელის როლზე დამტკიცებული...
ბევრი ცნობილი მსახიობი შევარჩიე ფილმისთვის, მაგრამ მამა გაბრიელის როლზე, ჯერ არავინ არის დამტკიცებული. მამა გაბრიელის ახალგაზრდობის ფოტო რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ ძალიან უცნაური სახე აქვს, არც ერთი მისი ფოტო არ ჰგავს ერთმანეთს, რთულია მისი არჩევა.
ჩვენ უფრო ვეძებთ მსახიობს, ვიდრე ფიზიოლოგიურ მსგავსებას, რა თქმა უნდა, გარკვეულ დეტალებსაც დავიცავთ. ძალიან რთული იქნება მსახიობის ხელოვნება, როცა მან უნდა შეძლოს, რომ აჩვენოს სიბრძნე, სალოსობა, სასოწარკვეთილება, ზეაღმატებული სიხარული, ეს მსახიობისთვის არის „საცურაო ოკეანე“, ძალიან რთული ასარჩევია.
- თან ახალგაზრდაც უნდა იყოს...
მართალია, ი პერიოდში ასაკით ახალგაზრდა იყო - 36 წლის, მაგრამ ძალიან მოტეხილი იყო, ვინც იმ პერიოდში იცნობდა, ყველას უკვირს მისი ასაკი, გამოიყურებოდა, როგორც 50 წლის კაცი. წამებული ცხოვრება ჰქონდა და თავისთავად, ფიზიკურად უფრო დიდი ასაკის შესახედაობა ჰქონდა.
კინოცენტრმა და კულტურის სამინისტრომ რაც შეეძლო, ყველაფერში დაგვეხმარა, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი, არ არის საკმარისი ფილმის გადაღებისთვის. ვცდილობთ, რომ სპონსორები მოვიზიდოთ, ვთხოვ ბიზნესმენებს, გვერდში დაგვიდგნენ. საბანკო ანგარიშები გვაქვს, მაგრამ გამოქვეყნებაზე, ამ ეტაპზე თავს ვიკავებდით.
- დარწმუნებული ვარ, ფილმის პრემიერას, არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ბევრი დაელოდება, ვფიქრობ, ქველმოქმედებაზე ბევრი მსურველი იქნება...
არ გამოვრიცხავ, ზოგს სპონსორობა, ზოგს ქველმოქმედება შეიძლება მოუნდეს, ათასი მიზეზი შეიძლება იყოს გამომდინარე იქიდან, რომ ფილმი არის ეპოქალური, კოსტიუმირებული, ტექნიკურად გასამართი, ძალიან რთული გასაღები სურათია და თანხებიც საკმაოდ ბევრი იქნება საჭირო.
რა ბიუჯეტიც გვაქვს, მსახიობების ხელფასებს ყოფნის, მაგრამ უამრავი პრობლემაა. ამ ფილმს აუცილებლად ნახავს ბევრი მართლმადიდებელი ქვეყანა, ამიტომ მინდა, რომ კარგად წარმოვაჩინოთ, არ თქვან კარგი სურათია, მაგრამ დაბალბიუჯეტიანი ფილმიაო, რატომ უნდა გადაიღოს საქართველომ „ღარიბული“ ფილმი!
ყველას მოვუწოდებთ, გვერდზე დაგვიდგნენ, შეგვეწიონ, ერთი ლარის შემოწირვა ბევრ ადამიანს შეუძლია, ერთმა მილიონმა კაცმა რომ თითო ლარი შემოგვწირონ, არაფერი დააკლდებათ, ქვეყნისთვის კი დიდი საქმე გაკეთდება. ყველაფერს ძალიან მშვიდად ვუყურებ, ვიცი რომ პროექტის დაწყება, მამა გაბრიელის ხელდასხმით მოხდა. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ ვნერვიულობ.
ძალიან ბევრი ბრძოლა დაგვჭირდა ამ ფილმის გადაღებისთვის, 12 წლიანი ბრძოლა გადავიტანეთ, უწმინდესთან შეხვედრაზე რომ ვიყავი დამლოცა და მითხრა, აბა შენ იციო.
ახლაც კარგად მახსოვს ის ინტონაცია, მაშინ ვერ მივხვდი მის სიტყვებს - თურმე მეუბნებოდა, აბა შენ იცი, თუ შენ ამას გაუძლებო, წინ 12 წლიანი ბრძოლა მელოდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ამდენი ხნის მერე ვიწყებთ კინოს გადაღებას. სახელწოდებაც ასეთია „ბრძოლა - ბერი გაბრიელი“.
ფილმის სრული ბიუჯეტის შესავსებად შემოწირულების მსურველთათვის გახსნილია სპეციალური საქველმოქმედო ანგარიში - „საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი - BAGAGE22 ანგარიშის ნომერი - GE19BG0000000601271943
დანიშნულება - ფილმის მარდაჭერა
პარტნიორობის და სპონსორობის მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტელ. 599 75 28 18. მეილი - giacinemagia@gmail.com