შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1733265207
"15 მარტს საშინელ თოვლჭყაპში გავჩნდი. ჩემი დაბადება ძალიან თუშური იყო. დედამ მარტომ გამაჩინა... მეზობელი თებრო კალოშებით მოჭყლაპუნებდა და ჭყიოდა, რა ვუყოთ, რით წავიყვანოთ კესო ამ ამინდში ახმეტაშიო. მაშინ ხომ მანქანები თითო-ოროლა იყო. სახლში რომ შემოსულა, მე გამიჭუჭყუნია და - ვაიმე, უკვე გააჩინე, ქალაიო?.." - გვიყვება იუბილარი ეთერ თათარაიძე.
ქართული ფოლკლორის უერთგულესი მკვლევარი და ქომაგი 68 წლის გახდა.
იუბილარმა დღევანდელი საღამო "გარდენია შევარდნაძეში" გაატარა.
"არ მიყვარს ჩემს დაბადების დღეზე საუბარი. რომ მიდიხარ და ფეხს იქით, იქით დგამ, კარგი ამბავი არ არის. თუმცა, უდიდესი წყალობაა, უფალი რომ კიდევ ერთ წელს გვჩუქნის.
ახლა ზურიკო შევარდნაძესთან ვართ. დაუღლელად და უშურველად, როგორც იცის, დაგვახვედრა მორთული გარემო. ძალიან კარგი სტუმრები ჰყავს, აჭარელი ქალები. გამოფენილი აქვთ ნახელსაქმარი, ხელით ნაქარგები და ყიდიან. ზურიკოს მათზე ალბომი აქვს გამოცემული, მე ამ გამოცემის რედაქტორი ვარ. ამ ქალებიდან ბევრს ვიცნობ, ვმეგობრობთ. დიდი მადლობა ჩემო კარგო" - გვემადლიერება ფოლკლორისტი.
მის მსგავსად მისტიკური დაბადების ამბავი, იშვიათად გექნებათ მოსმენილ-გაგონილი. ჯერ იყო და მამის სურვილის წინააღმდეგ დაბადებულა, მის ამ ქვეყნად მოვლინებისას კი, ფოლკლორისტის დედას, უხილავად, ანგელოზები ეხმარებოდნენ...
ეთეროს დაბადებას, წინ გამოცხადება უძღოდა...
ეთერ თათარაიძე: ჩემზე ფეხმძიმე რომ ყოფილა, მამას უთქვამს, მეტი შვილი არ გვინდაო. მამას ჰქონდა ამის მიზეზი. პირველი ცოლი რომ გარდაეცვალა, ცხრა თვის შვილი დარჩა. დედამ წლინახევრიდან გაზარდა ლელა. შემდეგ ორი ვაჟი გაუჩნდათ. და ბოლოს ჩემზე დარჩა ორსულად. მამაჩემი შიშობდა, გოგო თუ დაიბადებოდა, ლელას, მშობლების სიყვარული არ გაჰყოფოდა.
მამა, სტეფანე თათარაიძე ძალიან ჰუმანური კაცი იყო, დედაზე ჰუმანურიც. ამიტომ მისგან ასეთი, ლამის ბრძანებამდე მისული მოთხოვნა - აბორტის გაკეთება, წარმოუდგენელიც იყო. მაგრამ ლელას სიყვარულმა ეს აზრი გაუჩინა.
დედა მორწმუნე იყო, ალბათ, გულითაც უნდოდა რომ გავეჩინე. მამამ რამდენჯერ გააგზავნა ექიმთან. ბოლოს, ბიცოლაჩემმა გადამარჩინა. სესილიას რანგის იუმორი ჰქონდა. კესო, სტეფანე რომ მოვა, უთხარი, ექიმმა თქვა, მეუღლე უნდა გახლდეს თან, მისგან თანხმობა უნდა მივიღო, ისე აბორტს ვერ გავაკეთებო. მამა მეცხვარე იყო, თუში მეცხვარე რომ ცოლს გინეკოლოგთან არ გაჰყვებოდა, ხომ ფაქტია?! ასეთი ფანდით გადავრჩი.
ბოლოს მამამ მაინც დაუბარა, მე ცხვარში წავალ და შენ ამ საქმე მიხედეო. დედა ჰყვება, დავწექი და ვფიქრობ, ამ ტკბილ ოჯახს ამის გამო ხომ არ დავანგრევო, არ უნდა სტეფოს ეს შვილი და ხვალ ექიმთან წავალო. მოკლედ, დაწვა გადაწყვეტილებით, რომ მეორე დღეს აბორტის გასაკეთებლად უნდა წავიდეს.
იმ ღამეს კი ესიზმრება: მთაზე გამოჩნდა მაღალი, თეთრწვერა, ახოვანი კაცი, მომიახლოვდა და მითხრაო, მიჰყვება დედა: ოღონდ იმ გადაწყვეტილებას, რითაც დაიძინე, ნუ შეასრულებ და გპირდები, მშობიარობაზე ცხრა ქალს დაგახმარო... და ეს თეთრწვერა მოხუცი გაქრა. თვალი გავახილე და განცდისგან აღარც დამიხუჭავსო, ამბობდა კესო. მაშინ ვიფიქრე, მე და სტეფანე რომც გავიყაროთ, ამ ბალღს არ მოვიცილებო.
იმ დღეს მარტო იყო, ჩემს უფროს და-ძმას ეძინათ. მიხვდა, რომ ვიბადებოდი, ცისკარი ამოხდა, განთიადი ყოფილა. წყალი გააცხელა, იმშობიარა, ჭიპლარი გადაჭრა. არანაირი ტკივილი არ მიგრძვნიაო. როგორ ცუდად ვიყავი ბიჭების გაჩენის დროს და ახლა რანაირად ვერ ვგრძნობდიო, გაოცებული იყო. გამაჩინა სრულიად მარტომ და არ უგრძნია ტკივილი. ყველაფერი მარტომ გააკეთა. მაბანავა, შემახვია, დამაპურა, დამაძინა და თვითონაც მოწესრიგდა.
ლელა გამოსულა დილას ოთახიდან და შენ რომ დაიჩხავლე, დედი, აქ ვინ არისო, მოგვარდა და გაკოცაო.
მერე უკვე, როცა ფოლკლორისტი გავხდი, მაშინღა გავიაზრე, რომ ეს სიზმარი შემთხვევითი არ იყო. თეთრწვერა კაცი, მთაზე გამოდის და დედას სთხოვს (განა, უბრძანებს), რომ ოღონდ იმ გადაწყვეტილებას, რითაც დაიძინე ნუ შეასრულებ და გპირდები, მშობიარობას ცხრა ქალს დაგახმარო...
პატარაობაში, თურმე, მამას ხუმრობით ვეუბნებოდი, ვაჯავრებდი, შენ რომ არ გიყვარდი-მეთქი? იმ ვირზეც მერე, სამი თვისაც, სპეციალურად დამსვი, რომ გადავჩეხილიყავი, მაგრამ ხომ ხედავ, არ გადავიჩეხე-მეთქი. მამა ტიროდა... ისეთი გულჩვილი იყო... გიჟდებოდა ისე ვუყვარდი, ჩემო მარეხ ვარსკვლავო, გენაცვალოს მამაო, მეტყოდა. თავის დას, მარეხს მამსგავსებდა. მამა ოჯახის ქალების - დედამისის, დების, დედას, ჩვენი მოსიყვარულე იყო.
აი, ასეთი იყო ჩემი დაბადება... დედამ ერთადერთხელ მომიყვა ეს ამბავი. მე, როგორც ყველაფრის ჩამწერი, ეს ისტორიაც ჩავიწერე.
ასევე დაგაინტერესებთ:
"პატრიარქს დაუნახავს ბადეში დამწყვდეული მგელი. გვიყვება - მივედი ახლოს და დაუფიქრებლად შევყავი თითები ბადეშიო..." - საოცარი ისტორია, თუ როგორ იცნო მგელმა უწმინდესი
"საყვარლის საფლავს ვეძებდი..." – "სულიკოს" მიღმა, რეალური, ტრაგიკული ისტორიაა - ვინ იყო სულიკო?