ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც მოხუცებს საჭმელში ნარკოტიკს უყრიდა და ძარცვავდა

მოხუცი

მოხუცების მომვლელად წლების წინ წასული ქართველი ქალი ათენში ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ის საბერძნეთში მომვლელად 16 წელი მუშაობდა. ქალი ძარცვის რამდენიმე ეპიზოდშია მხილებული. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ათენში ეძებდა მომვლელის ვაკანსიებს, ნდობაში შედიოდა ოჯახებთან, დასაქმების შემდეგ კი მოხუცებს საძილე საშუალებებით აბრუებდა და ძარცვავდა.

ბერძნული მედიის ცნობით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მსგავსი მეთოდით ძარცვის ოთხი შემთხვევა.

"ქალი მოხუცებს ნარკოტიკებს, ან ფსიქოტროპულ საშუალებებს საკვებში და სასმელში უყრიდა, შემდეგ კი სახლიდან ფული და ძვირფასეულობა გაჰქონდა.

დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია: თანხა, სამკაულები, ფსიქოტროპული აბები, ორი დანა, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონები," - წერს ადგილობრივი მედია.

“კურიერმა“ დღეს ბრალდებულის ვინაობა დაადგინა. 47 წლის ქალი დუშეთის მუნიციპალიტეტიდან არის. საზღვარგარეთ სამუშაოდ, ჯერ კიდევ, 2006 წელს წავიდა. დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ მისი ახლობლები.

დაკავებულის ოჯახში "კურიერს" დაუდასტურეს, რომ ქალი წლებია საბერძნეთში მომვლელად მუშაობს. ბრალდებულის დედა ჰყვება, რომ დამსაქმებლებს მისი შვილის მიმართ პრეტენზია არასდროს გამოუთქვამთ. მომხდარის დეტალები ოჯახისთვისაც უცნობია. იმედოვნებენ, რომ საქმე ეხება გაუგებრობას, რომელიც მალე გაირკვევა.

ბერძნული მედიის ცნობით, ბრალდებული ამჟამად ათენის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. გამოძიება არკვევს, ჰყავდა თუ არა სავარაუდო დამნაშავეს თანამზრახველები. მოხუცების სახლიდან გატანილი ძვირფასეულობა რამდენიმე დაზარალებულმა უკვე ამოიცნო.