ამდენი პანიკა ნამდვილად არ არის საჭირო - გიორგი ფხაკაძე გავრცელებულ ვირუსებზე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი

საქართველოში ვირუსი და სეზონური გრიპია გავრცელებული. თუმცა მსოფლიოში და საქართველოში დომინანტი წელს H3N2 ტიპი აღმოჩნდა, რომელსაც ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსს უწოდებენ. ექიმები ამბობენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევათა რიცხვი გასსამმაგებულია.

მომატებულია მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებში. ვირუსით ინფიცირებულებს ექიმის დახმარება და სტაციონარში გადაყვანა ხშირად ესაჭიროებათ. კლინიკების ნაწილი 24-საათიან ამბულატორიულ მომსახურებაზე გადავიდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში არსებულ ვირუსებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში არაფერი განსაკუთრებული და სასწაული ვირუსი არ ცირკულირებს.

მისი თქმით, „ეს არის კოვიდი და სეზონური გრიპის აფეთქება და ეს ყველამ ვიცით“:

„არც ე.წ ჰონგ-კონგის გრიპია ახალი და რამე საოცარი. ეგაა H3N2 და არის A ტიპის სეზონური გრიპის ერთ-ერთი სეროტიპი. მეორე სეროტიპია H1N1, იგივე ღორის გრიპი. გრიპის აცრები A ტიპის ორივე სეროტიპს მოიცავს, ასევე B ტიპის ვირუსის ორ სეროტიპს.კოვიდიც არის, ომიკრონი, და ის საკმაოდ სუსტია. ამდენი პანიკა ნამდვილად არ არის საჭირო. აიცერით არსებული გრიპის და კოვიდის ვაქცინებით, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით დისტანცია, და ხელები დაიბანეთ რა…“– წერს გიორგი ფხაკაძე Facebook-ზე.