VIDEO: "... უცებ, მამა მივიდა შევარდნაძესთან და რაღაც უთხრა ყურში...სახლში დაინგრა ყველაფერი, მივხვდით, რომ გადავრჩით..." - ნოდარ დუმბაძის დღემდე უცნობი ისტორია

ქეთი დუმბაძე

"ღამის პრაიმ ტაიმში" ქეთი დუმბაძემ მამის, დიდი ჰუმანისტის, ნოდარ დუმბაძის შესახებ ისტორია გაიხსენა, რომელიც ქართული ენის სახელმწიფო ენად შენარჩუნებას უკავშირდება.

მწერლის შვილმა 1978 წლის 13-14 აპრილი გაიხსენა, დრო, როცა სასწორზე იდო, კონსტიტუციის მიხედვით, ქართული ენა დარჩებოდა თუ არა სახელმწიფო ენად. გადაწყვეტილების მიღების პარალელურად, მაშინ, თბილისში სტუდენტთა დიდი მღელვარება იყო.

“ზარია კარზე და შემოვიდა რამდენიმე სტუდენტი. ოთახში ჩაიკეტნენ. მესმის, მამა ეუბნება : ბავშვებო, მე ქართველი მწერალი ვარ და თუ კონსტიტუციაში მოხდა სასწაული და ჩაწერეს, რომ მშობლიური ენა არ არის ქართული, მაშინ მე თავს მოვიკლავო.

გამოაღო უჯრა, აიღო რევოლვერი(ოფიციალურად ჰქონდა) და ეუბნება, ხვალ თუ ასე მოხდა, ოთხზე მეტი არ დამჭირდებითო. ალბათ, იგულისხმა ოთხი, ვინც გაასვენებდა. იმ წუთს, მძულდა ის სტუდენტები, იმიტომ, რომ მივხვდი, -  მამაჩემს, შეიძლებოდა, თავი მოეკლა.

მეორე დღეს, როდესაც სკოლაში წასვლა დავაპირე, დედამ, რომელიც ნაოპერაციები იყო, მითხრა, - არ დამტოვო, ცუდად ვარო. დავიჯერე, თუმცა მერე მივხვდი, რომ მან ეს გაითამაშა. მოკლედ, მგონია, რომ დედა ცუდად არის და ტელევიზორთან ვზივარ.

ტელევიზორით სესია გადმოიცემა. უცებ, ვხედავ, დარბაზში შედის მამა… ვხვდებით, რომ გადავრჩით, თავი არ მოუკლავს...  მამა მივიდა შევარდნაძესთან,  რაღაც უთხრა ყურში, იმანაც უპასუხა და ისევ გავიდა. არ დაჯდა თავის ადგილას.... ამის შემდეგ, მახსოვს, რომ შევარდნაძე მივიდა ტრიბუნასთან და თქვა: “სახელმწიფო ენა - ქართული ენა”.... სახლში დაინგრა ყველაფერი, მივხვდით, რომ გადავრჩით, ქართული ენაც გადარჩა, საქართველოც გადარჩა, მამაც გადარჩა, ყველა გადავრჩით”, – გაიხსენა აქამდე უცნობი ისტორია ქეთი დუმბაძემ.