ლიზა მონტგომერი - ერთადერთი ქალი, რომელიც აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს, ბოლო 76 წლის განმავლობაში

ლიზა მონტგომერი

2004 წლის 16 დეკემბერს, რვა თვის ორსული ბობი ჯო სტინეტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქალს მუცელი გაჭრილი ჰქონდა, მისი ბავშვი კი არსად ჩანდა. საქმემ განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია, ვინაიდან მოსახლეობაში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა - უნდა დასჯილიყო თუ არა დამნაშავე სიკვდილით.

ბობი ჯოს ქმართან ერთად ძაღლსაშენი ჰქონდა და ხშირად ესწრებოდა ძაღლების გამოფენებს. სწორედ ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაიცნო 36 წლის ლიზა მარი მონტგომერი, რომელმაც ქალს უთხრა, რომ თვითონაც ფეხმძიმედ იყო. ისინი ხშირად საუბრობდნენ ონლაინ ფორუმში და განიხილავდნენ ორსულობის მიმდინარეობას.

სინამდვილეში, ლიზამ ბობი მოატყუა , 1990 წელს, მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ, მას საშვილოსნოს მილები გადაუკეტეს. მისი ორივე ყოფილი მეუღლის თქმით, პროცედურის შემდეგ, მან რამდენჯერმე მოიტყუა, რომ ორსულად იყო.

ქალმა ფორუმზე ყალბი ანგარიში გახსნა, ვინმე დარლინ ფიშერის სახელით, და ბობის შეხვედრა სთხოვა. უთხრა, რომ მისგან ძაღლის შეძენას აპირებდა. პოტენციური მყიდველის მოლოდინში მყოფ ბობის სახლში ლიზა მივიდა და ქალი დაახრჩო, შემდეგ კი საშვილოსნოდან ბავშვი ქირურგიულად ამოიყვანა. ბობის ცხედარი მკვლელობიდან ერთი საათის შემდეგ მისმა დედამ იპოვა და მაშინვე პოლიცია გამოიძახა.

მკვლელობის შემდეგ, ლიზამ ქმარს დაურეკა და აცნობა, შვილი ეყოლა. მოწმეები აცხადებენ, რომ 17 დეკემბერს ის ქმართან, საკუთარ შვილებთან და ჩვილ ბავშვთან ერთად დაინახეს. სახლში დაბრუნებიდან მალევე ლიზას სახლში პოლიცია მივიდა. სამართალდამცველებს ქალის მოწმის სტატუსით დაკითხვა სურდათ, მაგრამ როდესაც მის ხელში ახალშობილი დაინახეს, მაშინვე ყველაფერს მიხვდნენ. დნმ-ის ტესტირებით დადგინდა, რომ ბავშვი ბობი ჯო სტინეტის შვილი იყო.

2007 წლის 22 ოქტომბერს ის დამნაშავედ ცნეს და სიკვდილი მიუსაჯეს. მიზეზი, რის გამოც საქმემ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ქალის ფსიქიკური აშლილობების ისტორიაა, რაც მისი მშობლებისა და მეუღლეების მხრიდან განცდილი ძალადობით იყო გამოწვეული.

ლიზას დედა ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, რომელიც მასზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სექსუალურად ძალადობდა. მას, სავარაუდოდ, 11 წლის ასაკიდან სცემდა და აუპატიურებდა მამინაცვალი. მამინაცვალი აიძულებდა მის მეგობრებთანაც დაწოლილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა, რომ მის დას მოკლავდა.  18 წლის ასაკში ლიზა სახლიდან გაიქცა და გათხოვდა, თუმცა მისი ქმარიც მოძალადე აღმოჩნდა.

ლიზას წლების განმავლობაში ჰქონდა დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა,  ფსიქოზი და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ის ხშირად კარგავდა რეალობის აღქმას. ნეიროფსიქოლოგმა წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ წლების განმავლობაში გადატანილი ცემის შედეგად, მას ტვინის ის ნაწილი, რომელიც აგრესიის კონტროლზეა პასუხისმგებელი დაზიანებული ჰქონდა. ასევე ამტკიცებდნენ, რომ შესაძლოა, როდესაც მან გააცნობიერა, რომ ის არ იყო ორსულად, სწორედ მაშინ განიზრახა მკვლელობა და ჩვილის გატაცება.

მისი ადვოკატები, წლების განმავლობაში, ცდილობდნენ სასჯელის გადაკვალიფიცირებას, თუმცა, ლიზა მარი მონტგომერის განაჩენი 2021 წლის 13 იანვარს სასიკვდილო ინექციით აღასრულეს.

ლიზა პირველი ქალია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ბოლო 67 წელიწადში, სიკვდილით დაისაჯა.

ასევე ნახეთ:

"საკუთარი ოჯახი მოკლა, რადგან მას ცოლის მხრიდან განქორწინება ემუქრებოდა" - რობერტ ფიშერის საქმე, რომელსაც პოლიცია 22 წლის შემდეგაც ეძებს

ვიდეოთამაშის გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც სასტიკი მკვლელობით დასრულდა

"მან, ერთ ღამეში, რვა მედდა მოკლა..." - რიჩარდ სპეკის დანაშაული და სასჯელი