20 აპრილს მზის დაბნელებაა - ნახეთ, რის გაკეთებას არ გვირჩევს ასტროლოგი

მზის დაბნელება

2023 წლის პირველი მზის დაბნელება, 20 აპრილს, ვერძის ბოლო გრადუსზე, 08:12 წუთზე დაიწყება, თუმცა ზოგადად დაბნელების ეფექტები უკვე საგრძნობია ხოლმე, დაბნელებამდე 1 კვირით ადრეც, - ამბობს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი და რამდენიმე რჩევასაც გვაძლევს.

"ზოგადად, დაბნელების ფონი ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის, პროგნოზი დამოკიდებულია ინდივიდის რუკაზე, შეიძლება იყოს მოგებიანი, სასიკეთო ან პირიქითაც, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე ასტრონომიული პროცესების შედეგად, არასასურველი ფაქტორები აისახება ნებისმიერ ჩვენგანზე.

მსგავს პერიოდებში სასურველია, თავი შევიკავოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან, სამედიცინო ქირურგიული ან ინვაზიური მანიპულაციებისგან და მშვიდ, ჩვენთვის ჰარმონიულ გარემოში გავატაროთ მეტი დრო.

მზის დაბნელების გავლენა, მთვარის დაბნელებისგან განსხვავებით, ნახევარი წლიდან რამდენიმე წლამდე გასტანს. ახლა ვისაუბროთ კონკრეტულად 20 აპრილის დაბნელების პროცესზე, იმაზე თუ რა პერსპექტივებზე საუბრობენ ვარსკვლავები. (ვარსკვლავებით არ ვწინასწარმეტყველებთ, არ ვმკითხაობთ, ვარსკვლავებით ვკითხულობთ გარკვეულ ინფორმაციას, ისევე როგორც სინოპტიკოსები იღებენ გარკვეული ხელსაწყოებით ინფორმაციას მომავალ პროგნოზებზე და ისევე, როგორც ვთქვათ საფონდო ბირჟებზე მოსალოდნელ ცვლილებებზე აკეთებენ პროგნოზს.)

მზის დაბნელება, როგორ წესი, ემთხვევა ხოლმე ახალმთვარეობას, ამჯერად, ეს ახალმთვარეობა ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ბოლო გრადუსზეა, ანუ სიმბოლურად მიმდინარე ფონის შეფასებას ვახდენთ ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ხასიათით, მისი მმართველით მარსით, მარსის ბუნებით, პოზიციითა და სხვა პლანეტებთან ურთიერთქმედებით. ვერძის ნიშანს, ისევე როგორც მის მმართველ პლანეტას უამრავი უპირატესობა, დადებითი სახასიათო შტრიხი და ეფექტი აქვს, თუმცა ახლა ხელისშემშლელ ფაქტორებზე ვამახვილებთ ყურადღებას და ეს არის ფეთქებადობა, სიხისტე, ბრძოლა, რისკი (გაუმართლებელი), იმპულსურობა, ბრაზი... შესაბამისად ეს ყოველივე თვისობრივად, როგორც ინდივიდის ისე გლობალურ დონეზე შეიძლება მეტად გამოვლინდეს, განსაკუთრებით საბრძოლო ვითარებაში მყოფ ქვეყნებს ვგულისხმობ. თუ გავითვალისწინებთ, რომ მომრიგებელი, კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების პლანეტა მერკური ამ პერიოდში რეტროგრადულია, აქ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო სიტყვებთან, ქმედებასთან. ცალსახად მთავარი მესიჯია თავი შევიკავოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან! რაც შეეხება მარსს, ის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანშია, კირჩხიბი, კი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსხვავებული, ფრთხილი და ინტუიციური სტრატეგია, ძალიან ემოციურია, მოწყვლადია. მისი ყველაზე დიდი ფასეულობაც და სუსტი წერტილიც ოჯახი(სამშობლო) და ოჯახის წევრები არიან.

აქტუალური თემები, რომელიც მოითხოვს მეტ ყურადღებას:

ბრძოლა პირველობისთვის;

სიჯიუტე;

დაუნდობლობა;

არაგამართლებული რისკი;

ეგოიზმი;

დაუფიქრებლობა;

სულსწრაფობა;

ემოციურობა;

წყენა;

ჩაკეტილობა;

ხასიათცვალებადობა.

რაც შეეხება ციფრულ ასტროლოგიას, დაბნელების ნუმეროლოგიური მაჩვენებელი 5 პლანეტა მერკურის შეესაბამება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მოლაპარაკებებზე, ინფორმაციის სწორად მიღება - გადაცემაზე, დიპლომატიაზე, შუამავლის ფუნქციაზე, წარსულის გადახედვასა და ხარვეზების კორექციაზეა დამოკიდებული ბევრი რამ,"- ამბობს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი.

ასტროლოგის თქმითვე, აქ გასათვალისწინებელია ისევ და ისევ რეტროგრადული მერკურის პერიოდისთვის სახასიათო რეკომენდაციები!