ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1776153678
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.
ქართულმა მხარემ სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მაჩვენებლები გააცნო. საუბარი შეეხო მდგრადი ფისკალური პოზიციის და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური დაძაბულობა გლობალურად მნიშვნელოვნად ზრდის გაურკვევლობას და საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციის მაჩვენებელი დიდწილად იქნება დამოკიდებული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებასა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების ხანგრძლივობაზე. ასევე აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია, ქვეყანა მათ საკმარისი ბუფერებით შეხვდეს. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას, რომელიც ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული პოლიტიკის შედეგად, საერთაშორისო რეზერვების დონემ ადეკვატურობის მინიმალურ 100%-იან ზღვარს გადააჭარბა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სებ-ის მონეტარულ პოლიტიკაზე და აღნიშნეს, რომ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გადაწყვეტილებები არსებული გეოპოლიტიკური ვითარების განვითარების სცენარზე იქნება დამოკიდებული.
თავის მხრივ, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლიმ დადებითად შეაფასა სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის ახალ სცენარებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა, რომელმაც არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ეკონომიკური გამოწვევების პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. აღნიშნული მიდგომით, გაძლიერდა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაცია და უფრო გამჭვირვალე გახდა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი.