ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ბანკი

მიმდინარე წლის 27 იანვარს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი შვიდი პუნქტი დააჯარიმა. ზედამხედველმა ჯამურად აღნიშნულ ობიექტებს 92 000 ლარის ჯარიმა დააკისრა.

სებ-ის ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გახდა.

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. პროგრამული (ელექტრონული) სისტემების ხარვეზიანი ფუნქციონირება, რის შედეგადაც ვერ ხდებოდა: საეჭვო, უჩვეულო ან დანაწევრებული გარიგებების გამოვლენა; კლიენტების (ფიზიკური და იურიდიული პირების) სრულყოფილი გადამოწმება სანქცირებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში.

შიდა ინსტრუქციების არარსებობა, რომლებიც აუცილებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის ვალდებულებების შესასრულებლად.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა, რაც არღვევს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის წესს.
ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებებში არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის განმეორებით შემთხვევებში.

დაჯარიმებული სუბიექტების ჩამონათვალი: შპს „რამაზი“ – 6 000 ლარი; შპს „ლიკუნა“ – 16 000 ლარი; ინდივიდუალური მეწარმე „დიმიტრი ქურციკაშვილი“ – 13 000 ლარი; ი.მ „გოჩა ბოლქვაძე” – 13 000 ლარი; ი.მ „ლევან მეხრიშვილი“ – 13 000 ლარი ; ი.მ „ნინო მორბედაძე“ – 15 000 ლარი; ი.მ „გურამ გასვიანი“ – 16 000 ლარი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში.