შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსი პრაქტიკულად, დამარცხებულია - ირაკლი ღარიბაშვილი

irakli garibashvili

საკოორდინაციო საბჭომ პროცესი სწორედ მართა და კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს ინფიცირების 107 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს შედეგი კი მართვის სწორმა სტრატეგიამ მოიტანა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც ომიკრონმა ჩაანაცვლა სხვა შტამები, ხელისუფლებამ გააუქმა მწვანე ბარათები, რადგან მისი ეფექტურობა აზრს კარგავდა. ამას ექსპერტების კრიტიკა მოჰყვა, 2 თვის შემდეგ კი ყველამ ნახა, რომ ხელისუფლებამ პროცესი სწორედ მართა. 

„მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი პრაქტიკულად, თითქმის, შეიძლება ითქვას, რომ დამარცხებულია. დღეს ასეა, ყოველ შემთხვევაში ეს სიტუაცია გვაქვს. მაგალითად დღეს 107 შემთხვევა იყო, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც 2 თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. გახსოვთ კარგად, რომ მას შემდეგ, რაც ომიკრონმა დაიწყო ცირკულირება და ჩაანაცვლა სხვა შტამები, მწვანე ბარათები გავაუქმეთ იმიტომ, რომ აზრს კარგავდა აღნიშნული მწვანე ბარათი. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტისგან კრიტიკა მივიღეთ, რომ ეს როგორ გააკეთეს და აშ.. სულ რაღაც ორ თვეში ვნახეთ, რომ პროცესი სწორედ იმართა მინისტრის, მთავრობის მიერ, საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამიტომ, ყველაფერი არის სტაბილურად. სისტემას ზოგადად, მართვის თვალსაზრისით არავითარი გამოწვევა არ ჰქონია და დღეს, კიდევ გავიმეორებ, 100 შემთხვევაა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ეს პრობლემა, კრიზისი გადალახულია, ამოწურულია. მოგეხსენებათ, ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, გავამარტივეთ, ნიღბის ტარება გარე სივრცეში მოვხსენით, ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ ამ მიმართულებით. სტრესი და წნეხი, რა თქმა უნდა, მოიხსნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.