ტვინის კიბოს 7 ნიშანი, რომლებიც შეიძლება გამოგრჩეთ

ტვინის კიბო

 სიმსივნეს ვერაგ დაავადებად მხოლოდ იმიტომ არ მოიხსენიებენ, რომ მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს. ის საშიშია იმის გამოც, რომ თავს ძალიან გვიან ავლენს, მანამდე კი პაციენტების ორგანიზმში ძირითადად შეუმჩნევლად იზრდება და ვითარდება.

ეს ეხება ტვინის კიბოსაც, რომლის პირველი სიმპტომებიც შეიძლება მარტივად გამოგრჩეთ. ადრეული ონკოლოგიური დიაგნოსტირების სპეციალისტი, ლაურა სტენდენი, თავის გამოცდილებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მის პაციენტებში საგანგაშო ნიშნების ვერდაფიქსირება საკმაოდ გავრცელებულია. ვინაიდან დაავადებული ადამიანები სხეულის ასეთ სიგნალებს ყურადღებას არ აქცევენ, მათთვის დიაგნოზის დასმა ზოგჯერ დაგვიანებულია.

ეს გასაკვირი არაა, რადგან ტვინის სიმსივნის ადრეული სიმპტომები, ერთი შეხედვით, არაფრითაა გამორჩეული და სხვა პრობლემებისთვის დამახასიათებელ მდგომარეობებს ემთხვევა. ასეთია, მაგალითად: შფოთვა, სინუსური ინფექციები, ქრონიკული თავის ტკივილი და სხვა.

მეცნიერი ტვინის კიბოს იმ 7 ადრეულ ნიშანს გვიზიარებს, რომლებიც მას საკუთარ კვლევაში აქვს განხილული — ისეთებს, რომლებიც, შესაძლოა, სხვა მდგომარეობაში შეგვეშალოს. რა თქმა უნდა, ერთი ან მეტი ამგვარი სიმპტომის ქონა აუცილებლად სიმსივნეზე არ მიუთითებს, მაგრამ თუ ბევრი მათგანი ემთხვევა და დიდხანს გრძელდება, მაშინ მკვლევარი ექიმთან კონსულტაციას გირჩევთ.

1.სიტყვების გახსენების პრობლემა — ლაურა სტენდენი ამბობს, რომ ტვინის კიბოს მქონე ადამიანები ხშირად სიტყვებს ვერ იხსენებენ, მთლიანი წინადადების აწყობა უჭირთ ან საუბარში დაყოვნებით ერთვებიან. პაციენტების აღწერით, ეს "უცნაური და საერთო ხასიათიდან ამოვარდნილი" გამოცდილებაა, რომელსაც თავის დროზე ყურადღება არ მიაქციეს.

სიტყვები დაღლილობისას, სტრესის დროს ან შფოთვისასაც შეიძლება დაგავიწყდეთ, მაგრამ ეს დროებითია. საყურადღებო მაშინაა, როცა ასე მუდმივად და მოულოდნელად გემართებათ;


2.გონების დაბინდვა — ესაა მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს ყურადღების კონცენტრაცია, მკაფიოდ ფიქრი ან სხვადასხვა რამის დამახსოვრება უჭირს. მაგალითად, სტენდენის ერთ-ერთ პაციენტს ექიმთან ვიზიტი ჰქონდა ჩანიშნული, მაგრამ დაავიწყდა, რისთვის ჩაეწერა.

გონების დაბინდვას ბევრი რამ შეიძლება იწვევდეს, მათ შორის: მენოპაუზა, არასაკმარისი ძილი და სტრესი. ამის მიუხედავად, როცა მას სხვა ნევროლოგიური სიმპტომებიც ახლავს თან (მაგ: მეტყველების ან მხედველობის პრობლემები), ყურადღება უნდა მიაქციოთ;

3.დაბუჟება ან ჩხვლეტა — კვლევაში ზოგმა პაციენტმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება ჰქონდა, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილზე გადადიოდა. ორ პაციენტში მსგავსი რამ მხოლოდ სხეულის ერთ მხარეს ვლინდებოდა, მაგალითად, სახის ქვედა მარჯვენა მიდამოში ან ენის ნახევარში.

ეს მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა სიმსივნე ტვინის მგრძნობელობით ან მოტორულ არეალებზე ზემოქმედებს — სხეულის ნაწილებში სიგნალები სწორედ იქიდან იგზავნება. მსგავსი რამ ვლინდება ნერვის მიჭყლეტის, ცირკულაციის დარღვევის ან შაკიკის დროსაც, მაგრამ როცა ცალ მხარეს იგრძნობა, ეს განსაკუთრებით საყურადღებოა;

4.მხედველობის დარღვევები — კიდევ ერთი გავრცელებული ადრეული სიმპტომი მხედველობის ცვლილებაა. მაგალითად, ერთმა პაციენტმა აღწერა, რომ ტელევიზორის ყურებისას გაორებულად ხედავდა, მაგრამ მიიჩნია, რომ უბრალოდ ახალი სათვალე სჭირდებოდა. მეორე ადამიანმა თქვა, რომ სწორი ხაზები გამრუდებულად ეჩვენებოდა.

ამგვარი ნიშნები სხვა დაავადებებსაც ახასიათებს, მაგრამ დანარჩენ სიმპტომებთან თანხვედრა და უეცარი ან უცნაური ცვლილებები ექიმს უნდა გაუზიაროთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ასევე გაწუხებთ კოორდინაციის პრობლემა, დაბუჟება ცალ მხარეს, თავის ტკივილი, მეტყველების გართულება, სისუსტე და თავბრუსხვევა;

5.არეული ხელწერა — ბევრი პაციენტი ამბობს, რომ ხელის მოძრაობისა და მხედველობის კოორდინაცია დარღვეული ჰქონდათ. ამ დროს შეიძლება ხელნაწერი აირიოს, ანუ ის და ისე ვერ გადაიტანოთ ფურცელზე, რაც და როგორც გინდოდათ. ამ შემთხვევაშიც ყურადღების მიქცევა მაშინ გმართებთ, როცა მსგავსი რამ მუდმივად იჩენს თავს;

6.პიროვნული ცვლილებები — ქცევისა და გუნება-განწყობის ცვლილება კიდევ ერთი პოტენციური ნიშანია. შეიძლება ადამიანს მოულოდნელად მოტივაცია გაუქრეს ან გაღიზიანება მოეძალოს და ეს გადაწვასთან დააკავშიროს, მაგრამ საქმე უფრო სერიოზულ დაავადებასთან ჰქონდეს. ამგვარი მდგომარეობა ექიმთან უნდა განიხილოთ, თუ სხვა ნიშნებიც შეამჩნიეთ, ეს კი უეცრად გამოვლინდა.


7.თავის ტკივილი — საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, სიმსივნე ყველა მათგანს არ აქვს. კიბოსთან მის სავარაუდო კავშირზე თავის მუდმივი ტკივილი მიუთითებს, რომელიც კვირები გრძელდება და არ მსუბუქდება.
ლაურა სტენდენი იკვლევს მეთოდებს, რომლებიც ასეთი ადრეული სიმპტომების იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება. მათ შორისაა კოგნიტიური ტესტები, რომლებითაც ადამიანის მეხსიერებას, ყურადღებასა და მეტყველებას შეისწავლიან; ასევე, განიხილება სისხლის ანალიზი კიბოს დნმ-ის ფრაგმენტების საპოვნელად.

მეცნიერი ამბობს, რომ ყველა პაციენტი ერთსა და იმავეს აღნიშნავს: თუკი რაიმე ზედმეტად არანორმალურად და უჩვეულოდ გეჩვენება, ექიმს გაესინჯე. რაიმე სერიოზული რომც არ აღმოჩნდეს, ამაში დარწმუნება ყველაფრად ღირს.