"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის კიდევ 14 პირი დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის რეგულაციები გამკაცრდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირი – ა.გ., ქ.ც., თ.თ., დ.ა., უ.გ., დ.ე., ი.კ., კ.მ., ბ.კ., ბ.ქ., ნ.ბ., ს.ჯ. და თ.ს დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის. აქედან გამომდინარე, თავს ვიკავებთ აღნიშნული პირის ინიციალების გაჟღერებისაგან.
მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, ამასთან, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ადგილზე არაერთხელ განუმარტეს, რომ არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, თუმცა მოქალაქეები პოლიციას არ დაემორჩილნენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო სამი დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა აქციის მონაწილეების მხრიდან კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა. აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ სამართალდამრღვევ პირებს, თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად – მოახდენენ ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებენ კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე.