1794829587
ალცჰაიმერის სამკურნალოდ დიაბეტისა და ყურადღების დეფიციტის პრეპარატებს გამოცდიან
ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი შესაძლებლობის შესასწავლად ბრიტანეთში მასშტაბური კლინიკური კვლევა დაიწყო. მეცნიერები შეამოწმებენ, შეუძლია თუ არა დიაბეტისა და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) სამკურნალო პრეპარატებს ალცჰაიმერის სიმპტომების შემსუბუქება და დაავადების პროგრესირების შენელება.
კვლევის ფარგლებში ორი უკვე არსებული მედიკამენტი გამოიცდება: მეტფორმინი, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, და ატომოქსეტინი, რომელიც ADHD-ის მქონე პაციენტებს ენიშნებათ.
მკვლევრების ვარაუდით, ორივე პრეპარატმა შეიძლება ტვინში ანთებითი პროცესები შეამციროს, რაც ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარებასთან არის დაკავშირებული.
კვლევაში, სახელწოდებით AD-SMART, დიდი ბრიტანეთის მასშტაბით დაახლოებით 1 200 პაციენტის ჩართვა იგეგმება. მონაწილეები სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილდებიან, რათა მეცნიერებმა შეაფასონ მედიკამენტების ეფექტიანობა, უსაფრთხოება, მეხსიერებასა და აზროვნებაზე გავლენა.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ისაა, რომ მეცნიერები რამდენიმე პრეპარატს ერთდროულად გამოცდიან. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა, არაეფექტიანი მედიკამენტები ადრეულ ეტაპზევე გამოირიცხოს და პერსპექტიული მკურნალობის მეთოდების აღმოჩენა დაჩქარდეს.
პირველი ორი პრეპარატის ეფექტიანობის შეფასება 2030 წლისთვის იგეგმება. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ კვლევის შედეგები ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მეტფორმინი და ატომოქსეტინი ალცჰაიმერის სამკურნალოდ დამტკიცებული არ არის და მათი ეფექტიანობა ჯერ კიდევ შესასწავლია.









