ახალი თაობის პრეპარატი ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებში დაავადების პროგრესირებას ანელებს - კვლევა

ფილტვის კიბო

ფილტვის კიბოს მკურნალობაში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გაჩნდეს. საერთაშორისო კლინიკური კვლევის შედეგების მიხედვით, ექსპერიმენტულმა პრეპარატმა Divarasib-მა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მკურნალობის შედეგები იმ პაციენტებში, რომლებსაც ფილტვის კიბოს გარკვეული გენეტიკური მუტაცია ჰქონდათ.

კვლევა, სახელწოდებით Krascendo 1, 338 პაციენტს მოიცავდა. მეცნიერები ახალ პრეპარატს უკვე არსებულ მიზნობრივ მედიკამენტებს - სოტორასიბსა და ადაგრასიბს - ადარებდნენ.

შედეგებმა აჩვენა, რომ Divarasib-ის მიმღებ პაციენტებში დაავადების პროგრესირების გარეშე ცხოვრების საშუალო პერიოდი 9.8 თვე იყო, მაშინ როდესაც შედარებით ჯგუფში ეს მაჩვენებელი 5.7 თვეს შეადგენდა. ამასთან, ახალი პრეპარატით მკურნალობისას გადარჩენის საშუალო მაჩვენებელმა 17.7 თვე შეადგინა, საკონტროლო ჯგუფში კი - 12 თვე.

მკვლევრების ინფორმაციით, პრეპარატმა დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკი 42%-ით შეამცირა. ამასთან, მძიმე გვერდითი მოვლენების სიხშირე შედარებით დაბალი იყო.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მიღებული შედეგები ფილტვის კიბოს მიზნობრივი მკურნალობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, პრეპარატი ჯერ კიდევ საჭიროებს მარეგულირებელი ორგანოების შეფასებას და მისი გამოყენება ყველა ტიპის ფილტვის კიბოს მქონე პაციენტისთვის არ არის განკუთვნილი. 

✕