თურქეთში კაცი პარაშუტით მიფრინდა სამსახურში, რომ არ დაეგვიანებინა

პარაპლანისტი

თურქეთში ავეჯის ქარხნის პუნქტუალური თანამშრომელი სამსახურში პარაშუტით მიფრინდა, რომ არ დაეგვიანებინა. ამის შესახებ თურქული მედიაზე დაყრდნობით „ბათუმელები“ წერს.

თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, შემთხვევა შაბათს, პირველ ოქტომბერს მოხდა ბურსას პროვინციაში. ავეჯის ქარხნის დარაჯმა შენიშნა, როგორ დაეშვა ციდან პარაშუტისტი ქარხნის ეზოში, პარაშუტი აკეცა და შენობაში შევიდა.

ქარხნის 38 წლის თანამშრომელი დემ კეკსინი პარაპლანით საფრენად ბურსას მთებში იყო, ქარხანაში თავისი ცვლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.

„სამსახურში 8:30 საათზე უნდა ვყოფილიყავი, შევნიშნე, რომ ათი წუთით ვაგვიანებდი და გადავწყვიტე გადახტომა პარაპლანის საფრენი წერტილიდან (2200 მეტრის სიმაღლიდან). გამიმართლა, რომ ქარხნის უკანა ეზოში ჩავჯექი,“ – უთხრა მან ჟურნალისტებს.

კეკსინმა დაახლოებით 15 კილომეტრი იფრინა სამსახურამდე. იგი ათი წელია პროფესიონალი პარაპლანისტია.